ახალი ამბები

აშშ-ში შესვლისას სოციალური ქსელებიც შემოწმდება

აშშ უვიზო უცხოელებისთვის ახალი მოთხოვნის შემოღებას გეგმავს. მათ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოციალური მედიის ანგარიშების ისტორიის წარდგენა მოეთხოვებათ. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ეს, დაახლოებით, 40 ქვეყნის მოქალაქეებს შეეხება, რომლებიც ამჟამად უვიზო მიმოსვლის Visa Waiver Program-ით სარგებლობენ.

შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, საბაჟო და სასაზღვრო დაცვა სოციალურ ქსელებს იმ აუცილებელ მონაცემებთან სიას დაამატებს, რომლებიც ელექტრონულ ნებართვებზე, ESTA-ზე განაცხადის წარდგენისას არის საჭირო. ამჟამად დოკუმენტი 60-დღიან საჯარო განხილვაზე არის გატანილი.

ახალი მოთხოვნა შეეხება ყველას, ვისაც აშშ-ში უვიზოდ შესვლა და 90 დღემდე დარჩენა შეუძლია. სოციალური მედიის შემოწმება მიგრანტებსა და უცხოელ ვიზიტორებზე გაძლიერებული კონტროლის ფართო პოლიტიკის ნაწილია.

აშშ, ასევე, ემზადება ხელახლა შემოწმდეს ყველა ის პირი, ვინც 2021 წელს, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დაწყების შემდეგ ქვეყანაში უვიზოდ შესვლის ნებართვა მიიღო. სახელმწიფო დეპარტამენტმა H-1B სამუშაო და სტუდენტური ვიზების განმცხადებლებისთვის სოციალური მედიის ვერიფიკაციის მოთხოვნები უკვე გააფართოვა.