TI – 2025 წლის სექტემბერში ყველა პარტიამ ჯამში 6 909 602 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში ყველა პარტიამ ჯამში 6.909.602 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 59% – 4.145.000 ლარი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაზე“ მოდის.
პარტიების მიერ 2025 წლის სექტემბრის თვეში მიღებულ შემოწირულებებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წერს, რომ კვლავ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს „ქართული ოცნების“ მსხვილი დონორების შესაძლო მონაწილეობა სისტემურ კორუფციაში. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2015 წლიდან 2.51 მილიარდი ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს.
ყველა პარტიამ ჯამში 6.9 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო.
“ქართულმა ოცნებამ“ 4.1 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 60%-ია.
“ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2024 წლიდან 588 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა, 2015 წლიდან კი 2.51 მილიარდის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.
ტენდერების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულ ისეთ მსხვილ სამშენებლო კომპანიებს აქვთ მოგებული, როგორიცაა „ანაგი“, „გზა“, „ცეკური“ და სხვა.
„ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულ კომპანიებს 2024 წლიდან 5.5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები აქვთ მიღებული, 2015 წლიდან კი — 204 მილიონის.
„ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა 30-მა კომპანიამ 2015-2024 წლებში 16 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო სუბსიდია მიიღო.
„ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა 54-მა კომპანიამ 2017-2024 წლებში 1.4 მილიონი კვ.მ. სამშენებლო ნებართვები მიიღო.
2015 წლიდან ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 1.4 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგეს, 823 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები და 592 ათასი ლარის ღირებულების სუბსიდიები მიიღეს. 2024 წლიდან ტენდერი არ მოუგიათ, გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების ჯამური ღირებულება კი 36 ათასი ლარია“, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა“.

