როგორია ზამთრის სეზონზე მეორადი საბურავების გამოყენების რისკები და ტრანსპორტირების უსაფრთხოება
2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციით, 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა. ამ ვალდებულების შესასრულებლად მძღოლები ხშირად არჩევანს ფინანსური ეკონომიის სასარგებლოდ აკეთებენ და მეორად საბურავებს ყიდულობენ, თუმცა, ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ვერ აცნობიერებენ ამ ნაბიჯის რეალურ რისკებს – სინამდვილეში ეკონომია ხშირად უსაფრთხოების ხარჯზე მიიღება.
„ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად აუცილებელია სეზონური საბურავების დაყენება, რადგან ის პირდაპირ განსაზღვრავს ავტომობილის სტაბილურობას თოვლიანსა და ყინულიან გზაზე. სტატისტიკის მიხედვით, საგზაო შემთხვევების გამომწვევ ფაქტორებს შორის დისტანციის დაუცველობა მეოთხე ადგილზეა, რის გამოც სწორად შერჩეულ და ხარისხიან საბურავებს კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება.
,,მიუხედავად იმისა, რომ მეორადი საბურავები ხშირად უფრო ხელმისაწვდომია, ახალი საბურავების მიერ უზრუნველყოფილი უსაფრთხოება გაცილებით მაღალია და დაზოგილ, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ უმნიშვნელო თანხას მნიშვნელოვნად აჭარბებს. ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ ახალი და მეორადი საბურავები ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებს, თუმცა უსაფრთხოდ მგზავრობისთვის მათ შორის განსხვავება მეტად დიდია: მეორადი საბურავების ისტორია უცნობია, ამიტომ მათი რეალური მდგომარეობის შეფასება რთულია. ხშირად ისინი გარეგნულად კარგად გამოიყურება, თუმცა, შესაძლოა, ვიზუალურად შეუმჩნეველი შიდა დაზიანებები ჰქონდეს, რომლებიც გამოყენებისას გაბზარვით ან გასკდომით ავლენს თავს. პროტექტორის სიღრმე მეორად საბურავებში ხშირად მინიმალურ ზღვარს – 1.6 მმ-ს უახლოვდება, მაშინ როცა უსაფრთხოებისთვის რეკომენდებულია 3–4 მმ. მცირე სიღრმე ამცირებს გზასთან მოჭიდებას და განსაკუთრებით სახიფათოა თოვლსა და ყინულზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მეორადი საბურავის გამოყენება მძღოლს მნიშვნელოვნად უფრო მაღალი რისკის წინაშე აყენებს განსაკუთრებით ნალექიანი ამინდის პირობებში. ახალი, სეზონისთვის შესაბამისი საბურავი კი, ბევრად საიმედო და უსაფრთხო არჩევანია.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ განსხვავება ახალ და მეორად საბურავებს შორის. უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, საბურავი გამოშვებიდან დაახლოებით 6 წლის შემდეგ კარგავს თავის პირველად თვისებებს და უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ ფუნქციას, შესაბამისად უსაფრთხო, სწრაფ და სტაბილურ დამუხრუჭებას სხვადასხვა სიჩქარეზე ვეღარ უზრუნველყოფს.
გაცვეთილი საბურავი დამუხრუჭების მანძილს 10-15 მეტრით ზრდის, რაც საგრძნობლად ზრდის შეჯახების რისკს. ჩვენს ქვეყანაში შემოსული მეორადი საბურავების უმეტესობა ამ ასაკს აღემატება, ბევრი მათგანი 6-ის კი არა, 10 წელზე მეტისაც კი არის, ამიტომ მათი მოჭიდების ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირებულია.
როდესაც საბურავი ვერ ასრულებს თავის ძირითად როლს, მძღოლის რეაქციის სისწრაფეს მნიშვნელობა აღარ აქვს – ტექნიკურად შეუძლებელია მანქანის დროულად შეჩერება. ახალი, ხარისხიანი საბურავი კი, სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, როცა მეორადი საბურავი შეიძლება მძღოლი დააღალატოს.
1 დეკემბრიდან 1 მარტის ჩათვლით მოქმედებს კანონი და ვიცით ის მონაკვეთებიც, რომლებზეც სავალდებულოა სეზონისთვის შესაფერისი აღჭურვილობა. თუმცა, საბოლოო ჯამში, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ არა მხოლოდ საკურორტო მონაკვეთებზე, ყველგან საჭიროა ზამთრის საბურავები”.

