,,ტომის რანჩო” სოფელ გამარჯვებაში
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებაში თვალში მოგხვდებათ ულამაზესი, კარგად მოვლილი ეზო.
გზიდანვე შენიშნავთ ყვავილებს, ხეებს, ურმებს, ქვევრს, ქვით მოპირკეთებული ბილიკს და ხელნაკეთ სხვადასხვა ნივთებს. შთაბეჭდილება გზიდანვე გექმნებათ და ფიქრობთ, რომ ეზოს შეგნით გაცილებით მეტი დაგხვდებათ. არც შეცდებით.
ტომისთვის სოფელი გამარჯვება განსაკუთრებული ადგილია. თბილისში მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ, მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა და გადაწყვიტა, საკუთარ ეზოში პატარა სამოთხე შეექმნს, რომელიც გამვლელისთვისაც თვალში მოსახვედრი და სასიამოვნო იქნებოდა.
ტომის რანჩო მართლაც გამორჩეულია. ყველაფერი, რასაც ნახავთ ექსკლუზიური და ხელნაკეთი.
,,თბილისში დიდი ხანი ვცხოვრობდი და სოფელში ხშირად ვერ ჩამოვდიოდი. შესაბამისად, ვერც სათანადო ყურადრებას ვაქცევდი. ახლახანს დავბრუნდი სოფელში. მაშინვე დავიწყე სახლის გადაკეთება და მოწესრიგება. ყველაფერს ჩემი ხელით ვქმნი. რაც არ მომწონდა მოვანგრიე და სულ ვაშენებ, რაღაცას ვცვლი. ეს ყველაფერი პირველ რიგში, ოჯახისთვის შევქმენი“.
ტომი გვიყვება რომ ყვავილებმა, ძველმა ნივთებმა, დეკორაციებმა ეზო სრულად შეცვალა და თავადაც მოსწონს რაზეც ბოლო 3 წელია მუშაობს.
,,რაც უშნოდ ჩანდა მოვანგრიე, საქათმე, საძროხე და საზაფხულო ფაცხა გავაკეთე. ეზო, ფაქტობრივად, სრულად გადავაკეთე. რაიმე ახალი იდეა როგორც მომივიდიდა, არ მეზარებოდა მისი სისრულეში მოყვანა, მაშინვე ვიწყებდი იდეების განხორციელებას”.
მისივე თქმით, სტიმულს მნახველები აძლევდნენ, რომელიც მის რანჩოს არასდროს აკლდა. ბოლო პერიოდში, კი უკვე ტურისტებსაც მასპინძლობს. ამბობს რომ უხარია, როდესაც აქებენ და მისი შრომის შედეგს დადებითად აფასებენ.
,, ეზოში ცალკე ავაშენე ოთახი, სადაც ზამთრის ცივი დღეების სასიამოვნოდ გატარება შეიძლება. მიყვარს ბუხრის გარშემო მეგობრებთან საუბარი. ოთახი კი, უამრავი ძველი ნივთით გავაფორმე. მიყვარს ძველებური ნივთები, სულ ვაგროვებ. მეგობრებიც მჩუქნიან ხოლმე. მაქვს ურმები, აკვანი, დიქები, გოდრები, სიმინდის საფშვნელი, გუთანი, ღვინის ძველი ტიკი, ფრინველებისა და ცხოველების კერამიკული გამოსახულებები, რძის სადღვები, ყანწები, არჩვის რქები. უამრავ ნივთს ნახავთ ჩემს ეზოსა და სახლში”.
ტომი ამ ეტაპზე, მცირე ტიპის საოჯახო სასტუმროს მშენებლობით არის დაკავებული, პარალელურად, ეზოს აფორმებს და დეკორაციებს ამატებს. მუშაობს მარნის მოწყობაზეც.
,,მცირე ტიპის საოჯახო სასტუმროს სულ რამდენიმე ნომერი ექნება. როცა ამ ყველაფრის კეთება დავიწყე, არასდროს მიფიქრია მისი შემოსავლის წყაროდ ქცევა. ბევრი მნახველი და სტუმარი მოდის. ყველაფერი ერთ ეზოში, ერთ სივრცეშია განთავსებული. მითხრეს ტურისტული სივრცე გააკეთეო. მარანიc მაქვს აშენებული. ვაკეთებ ყველაფერს ქართულს და ტრადიციულს. საქმისადმი შიმშილს ვგრძნობ როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება. ჩემი ნატვრა და ოცნებაა, რომ ვინც წასულია, ადრე თუ გვიან ყველა დაბრუნდეს თავის კერაზე და შეინრჩუნონ ქართული ტრადიციები”.