გარკვეული ბიზნესმენები ყურძნის სუბსიდირებით კარგად ხეირობენ- გიორგი სამანიშვილი
რა შედეგებს მოიტანს ახალი რეგულაცია, რომელიც 2026 წლიდან ვენახის გაშენებისთვის ოფიციალური ნებართვის მიღებას გულისხმობს და რატომ არ ამბობს სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებაზე უარს, რადიო „კომერსანტის“ ეთერში ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი სამანიშვილმა ისაუბრა.
გიორგი სამანიშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ახალმა რეგულაციამ კორუფციისა და ნეპოტიზმის რისკები გააჩინოს. გარდა ამისა, მისთვის ბუნდოვანია, თუ პრობლემა ყურძნის ჭარბი რაოდენობაა, მაგრამ ნებართვას მაინც ყველა მიიღებს, ვინც მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, როგორ გადაჭრის ასეთი მიდგომა გამოწვევებს.
„ვენახის გაშენების უფლება – ეს ლამაზად შეფუთული ფრაზაა, უფრო სწორი და გასაგები იქნება: ვენახის გაშენების აკრძალვა. მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ ვერ ვხედავთ, გაურკვეველია, მისცემენ თუ არა ვენახის გაშენების უფლებას ყველას, ვინც მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. თუ რაოდენობაზე ვსაუბრობთ, მაშინ ვენახის გაშენება უნდა აიკრძალოს, ხოლო თუ ყველას მისცემენ, ვინც წესებს დაიცავს, ეს რაოდენობასთან კავშირში არ არის.
„სურვილი ყოველთვის არის ხოლმე კეთილშობილური, თუმცა, მე კარგად მახსოვს 2002 წელს შემოიღეს „ღვინის წარმოების ლიცენზია და უფლება“, ასეთი დოკუმენტი იყო. წარმოების ლიცენზია უნდა გაეცა ღვინის სააგენტოს, მაშინდელ სამტრესტს. დაახლოებით 20 გვერდი იყო შესავსები. ვინც ვერ ახერხებდა დოკუმენტაციის მოგვარებას, იხდიდა 2 ათას დოლარს და ნებართვას ასე იღებდა. მეშინია, რომ თუ ჩაიწერება წესები, მაგალითად, რომ ვაზის ნერგი აუცილებლად კონკრეტულ სერტიფიცირებულ სანერგეში უნდა შეიძინო, ეს გააჩენს ერთი მხრივ, კორუფციის, მეორე მხრივ – ნეპოტიზმის რისკებს. თუ პრობლემა რაოდენობების ზრდა არის, ნებართვის გაცემა და ნიადაგის შესწავლა არაფერს ცვლის“, – აცხადებს გიორგი სამანიშვილი.
რაც შეეხება სუბსიდირების საკითხს, გიორგი სამანიშვილი აღნიშნავს, რომ სანამ სახელმწიფო ყურძნის შეძენას გააგრძელებს, ვერც ხარისხისა და ვერც ქაოსურად გაშენებული ვენახების პრობლემები ვერ მოგვარდება.
„მესმის, რომ ხელის ერთი მოსმით ეს ვერ მოხერხდება, მაგრამ მინიმუმ ბიუჯეტი უნდა შემცირდეს, რაც აჩვენებს, რომ სახელმწიფოს სუბსიდირებიდან გასვლა უნდა. ბოლო წლებია, ბიუჯეტი მხოლოდ იზრდება, ეს კი იმას აჩვენებს, რომ გასვლა არ სურთ. იყოს თუნდაც 5 წლიანი გეგმა, რომ 5 წლის მერე შემცირდება და აქ უკვე დაიწყებს ფერმერი ხარისხზე ფიქრს, რადგან მიხვდება, რომ 5 წლის მერე პრობლემები შეექმნება, თუ შესაბამისი ხარისხი არ ექნება. სახელმწიფო არ ამბობს, რა უნდა, ქმედებებიდან კი იმას ვხედავთ, რომ ბევრი ყურძენი იყიდოს სავარაუდოდ იმიტომ, რომ ამით გარკვეული ბიზნესმენები კარგად ხეირობენ და ჩემი აზრით, ისინი ლობირებენ, რომ სუბსიდირება გაუქმდეს და შემცირდეს კი არა, პირიქით – გაიზარდოს“, – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

