ახალი ამბები

საქართველოს ავტოპარკი 2025 წლის 9 თვეში 5.4%-ით გაიზარდა – TBC კაპიტალის კვლევა

“თიბისი კაპიტალმა” საქართველოს ავტოპარკის შესახებ გამოაქვეყნა კვლევა.

მიმოხილვის თანახმად, საქართველოს ავტომობილების რაოდენობა 2025 წლის პირველ 9 თვეში 5.4%-ით გაიზარდა, რასაც ყველაზე მეტად ხელი მსუბუქმა ავტომობილების ნაწილში ზრდამ შეუწყო. ამასთან, პირველადი რეგისტრაციები 2025 წლის პირველ სამ კვარტალში 16%-ით გაიზარდა.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, გამოწვევად რჩება საავტომობილო პარკის ასაკი, რომლის 52% 20 წელზე მეტი ასაკისაა, თუმცა პირველად რეგისტრაციებში საშუალო ასაკის კლება და პრეპანდემიულ ნიშნულზე დაბლა ჩასვა ავტოპარკის განახლებას მიანიშნებს.

2025 წლის პირველ 10 თვეში იმპორტი 5%-ით, ხოლო რეექსპორტი 13%-ით გაიზარდა.

ბოლო წლებში რეექსპორტის მარკეტზე ორი ქვეყანა, ყირგიზეთი და ყაზახეთი დომინირებს.

პატარა წილების მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ სამ კავრტალში, პირველად რეგისტრაციებში ჰიბრიდი ავტომობილების რიცხვი წლიურად 24%-ით, ხოლო ელექტრო მანქანების რიცხვი წლიურად 81%-ით გაიზარდა.

პირველად რეგისტრირებული მსუბუქი ელექტრო ავტომობილების რაოდენობისა და წილის ზრდა ამ ტიპის მანქანების გაზრდილ პოპულარობაზე მიანიშნებს.

ახალი მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები ბოლო ორი წლის მანძილზე მცირდება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე. შემცირება ნაწილობრივ აიხსნება დაგროვებული მოთხოვნის უცაბედი რეალიზებით 2022 და 2023 წლებში.

საერთაშორისო დამოკიდებულება ეკონომიკურ განვითარებასა და ავტომობილების რაოდენობას შორის აჩვენებს, რომ საქართველოს ავტოპარკს ზრდის დიდი პერსპექტივა აქვს,”– ნათქვამია თიბისი კაპიტალის კვლევაში.