ახალი ამბები

რა თანხის გადახდა დააკისრა სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლომ “გავრილოვის ღამის” საქმეზე

დღეს, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაშავებული 26 პირის, მათ შორის მოქალაქეების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების, საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სასამართლომ დაადგინა, რომ 24-მა განმცხადებელმა განიცადა არასათანადო მოპყრობა (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა). ასევე დადგინდა დემონსტრანტების შეკრების თავისუფლების (მე-11 მუხლი) და ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი) დარღვევა. ამას გარდა, განმცხადებლებისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლომ სახელმწიფოს ჯამში €600 000-ზე მეტის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა, მათ შორის, €320 000 მატერიალური კომპენსაციის სახით, ხოლო 26-ვე განმცხადებლისთვის €5 000-დან €30 000-მდე ოდენობის თანხა არამატერიალური კომპენსაციის სახით.

სასამართლომ სახელმწიფოს 26 მოქალაქის მიმართ ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა, კერძოდ:

დავით ქურდოვანიძე – 85, 000 ევრო და 30,000 ევრო
მაია გომური – 75,000 ევრო და 30,000 ევრო
გიორგი სულაშვილი – 75,000 ევრო და 30,000 ევრო
ლექსო ჩანქსელიანი – 85,000 ევრო და 30,000 ევრო
ვახტანგი ბერიკაშვილი – 21 000 ევრო
მერაბ ცაავა – 20 000 ევრო
ბესლან კმუზოვი – 20 000 ევრო
ირაკლი ჩიკვილაძე – 14 000 ევრო
ირაკლი გიორგაძე – 14 000 ევრო
ზაზა სვანაძე – 10 000 ევრო
თამარ ბაღაშვილი – 10 000 ევრო
გურამ მურადოვი – 10 000 ევრო
ნიკოლოზ შარვაშიძე – 10 000 ევრო
დიმიტრი ფოჩხიძე – 9 000 ევრო
ირაკლი ხვადაგიანი – 9 000 ევრო
დავით შეყილაძე – 7 000 ევრო
თეიმურაზ დიდბერაშვილი – 7 000 ევრო
გვანცა ნემსაძე – 5 000 ევრო
ანა ვახტანგაძე – 5 000 ევრო
ნინო ხოზრევანიძე – 5 000 ევრო
გურამ გრიგალაშვილი – 5 000 ევრო
თორნიკე კოშკაძე – 5 000 ევრო
გიორგი ჭუმბურიძე – 5 000 ევრო
გელა ბოჩიკაშვილი – 5 000 ევრო
ეკატერინე აბაშიძე – 5 000 ევრო
გიორგი დიასამიძე – 5 000 ევრო
საიას თანახმად, დიდი პალატის გადაწყვეტილებით, ცალკეული პირების ძალადობრივი ქმედებები ვერ გახდის დემონსტრაციას ძალადობრივს და ვერ წაართმევს პროტესტის მონაწილე პირებს შეკრების თავისუფლების უფლებით სარგებლობას.

გარდა ამისა, დიდმა პალატამ ყურადღება გაამახვილა ეროვნულ დონეზე სპეციალური საშუალებების გამოყენების, მათ შორის კინეტიკური საშუალებების (რეზინის ტყვიების), რეგულირების ჩარჩოზე, რომ სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშაონ დეტალური სახელმძღვანელო პრინციპები შესაბამისი საშუალების კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლებისა და მის გამოყენებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის რისკების გათვალისწინებით. შიდა სამართლებრივი ჩარჩო ასევე უნდა მოიცავდეს ეფექტიან გარანტიებს ამგვარი საშუალებების გამოყენებისას თვითნებური ქმედებების თავიდან ასაცილებლად.

“მნიშვნელოვანია, რომ დიდმა პალატამ მიღებულ გადაწყვეტილებაში დეტალურად განმარტა კინეტიკური საშუალებების (რეზინის ტყვიების) გამოყენების წესი, რომ:

ა. კინეტიკური საშუალებები (რეზინის ტყვიები) გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, სიცოცხლისა და ფიზიკური დაზიანების რეალური და მყისიერი საფრთხის საპასუხოდ;

ბ. კინეტიკური საშუალებები (რეზინის ტყვიები) გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ინდივიდუალურად მიზანმიმართულ შემთხვევებში და არა, როგორც მასის კონტროლის ზოგადი საშუალება; გარდა აღნიშნულისა, მათი განთავსება უნდა მოხდეს იმგვარად (კონკრეტული საშუალების ტექნიკური მახასიათებლების სათანადო გათვალისწინებით), რომ მიზანმიმართულ შემთხვევებშიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკი მაქსიმალურად შემცირდეს;

გ. არ იქნეს გამოყენებული მრავალკომპონენტიანი საშუალებები და არც ლითონის შემცველი ტყვიები;

დ. კინეტიკური საშუალებების (რეზინის ტყვიების) გამოყენებას წინ უნდა უძღვოდეს შესაბამისი გაფრთხილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გაფრთხილება აშკარად შეუძლებელია;

ე. კინეტიკური საშუალებები (რეზინის ტყვიები) გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ სამართალდამცავი პირების მიერ, რომლებიც სათანადოდ არიან გადამზადებულნი, არა მხოლოდ კონკრეტული საშუალებების ტექნიკური მახასიათებლების ცნობის კუთხით, არამედ ფლობდნენ ინფორმაციას ამ საშუალებების მიერ სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული შესაძლო რისკების შესახებ;

ვ. კინეტიკური საშუალებების (რეზინის ტყვიების) გამოყენება დაექვემდებაროს მკაცრ ბრძანებასა და კონტროლს.

2019 წლის 20 ივნისს, ქართულმა პოლიციამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე კინეტიკური იარაღის გამოყენება დაიწყო ათასობით მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც მართავდნენ მშვიდობიან დემონსტრაციას. ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის მიღმა, შსს-მ უკანონოდ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, დაიწყო აქციაზე მყოფი პირების მიმართულებით, დამიზნებით რეზინის ტყვიების სროლა. ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების ხანგრძლივმა და დამიზნებით გამოყენებამ, მათთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების დაუცველობამ და პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების დანაყოფების მიერ ექვს საათზე მეტ ხანს განხორციელებულმა ძალადობრივმა ქმედებებმა, 200-ზე მეტ ადამიანს მიაყენა ფიზიკური ზიანი. დაშლის ოპერაცია თითქმის შვიდ საათს გაგრძელდა. პოლიციამ 800-ზე მეტი რეზინის ტყვია გახსნა. ოფიციალურად დარეგისტრირდა 187 მოქალაქისა და 38 ჟურნალისტის დაზიანება პოლიციის მოქმედებების შედეგად. ზოგმა თვალი დაკარგა. სხვებს სახის ძვლები დაუზიანდათ რეზინის ტყვიების გამო.

2019 წლის 20-21 ივნისის საქმეებმა გამოკვეთა აქტიური სპეციალური საშუალებების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებული პრობლემები, სახელდობრ, აქტიური სპეციალური საშუალებების (მათ შორის, რეზინის ტყვიების) გამოყენების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ჩარჩო, კონკრეტულ შემთხვევებში მკაცრი სიზუსტით არ ადგენს ნორმის ადრესატებისთვის თუ რა შემთხვევაში, როდის, და რა მასშტაბით არის შესაძლებელი ძალის გამოყენება. თავდაპირველ გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შს მინისტრის N1002 ბრძანებით იკრძალება ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში ნივთიერებების გამოყენება. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით ბრძანების ეს ჩანაწერი გაუარესებულია და აკრძალვა – „შეკრებისა/მანიფესტაციის მონაწილეთა მიმართ წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენება“ – ინსტრუქციიდან სრულად ამოღებულია.

6 წელზე მეტი ხნის შემდეგაც, 2019 წელს, ე.წ. „გავრილოვის ღამის“ ოპერაციაში ჩართული არც ერთი მაღალი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა არ დამდგარა. 20 ივნისის მოვლენებში მონაწილეობისათვის სამი დაბალი რანგის პოლიციელი გასამართლდა, რომლებიც შემდგომ ამნისტიის ფარგლებში გათავისუფლდნენ. 2025 წლის 12 ნოემბერს, ერთი კვირით ადრე, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების თარიღს გამოაცხადებდა,საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გახარიას წინააღმდეგ, მათ შორის „გავრილოვის ღამეზე“ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები დღევანდელ რეალობაში აქტუალობას არ კარგავს და დღემდე მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა ხდება სპეციალური საშუალებების – რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეის – გამოყენებით, რომლებიც ხშირად იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი. საია წინამდებარე საქმეში – ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე 22 პირის ინტერესებს იცავდა. მათ შორის არიან მედიის 11 წარმომადგენელი, მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 10 პირი და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი ერთი პირი”,- აღნიშნავენ საიაში.

ფოტო: ფორტუნა