ახალი ამბები

სახელმწიფო უნივერსიტეტებში, დაახლოებით, 10-ჯერ შემცირდება გაცვლითი პროგრამები – ნანა დიხამინჯია

„უნდა ვაღიაროთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, დაახლოებით, 10-ჯერ შემცირდება გაცვლითი პროგრამების რაოდენობა“, – ასეთი მოლოდინი აქვს ტექნოლოგიური ინჟინერს, პროფესორ ნანა დიხამინჯიას, რომელმაც „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი უმაღლესი განათლების რეფორმის სავარაუდო შედეგებზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.

მისი შეფასებით, უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებები სტუდენტებს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობას უსპობს.

პროფესორი გულისხმობს სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის უცხოელი სტუდენტების მიღების აკრძალვას, რაც პირდაპირ დააზარალებს სახელმწიფო უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობას, განსაკუთრებით გაცვლით პროგრამებს და შესაბამისად – სტუდენტებს.

როგორც კი სახელმწიფო უნივერსიტეტებს აუკრძალავენ უცხოელი სტუდენტების მიღებას, სახელმწიფო უნივერსიტეტს არ დარჩება ინგლისურენოვანი პროგრამების განხორციელების რესურსი, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს. ამასთან, თუ ინგლისურენოვანი პროგრამა არ გაქვს, ევროპულ უნივერსიტეტს შენთან პარტნიორობა არ უნდა „ერაზმუსის“ გაცვლით პროგრამებში ანუ ეს „ერაზმუსის“ გაცვლით პროგრამებში საქართველოს უნივერსიტეტი რომ მოხვდეს, ევროპულმა უნივერსიტეტმა უნდა აირჩიოს ჯერ ის პარტნიორად და შემდეგ შეიტანოს საგრანტო წინადადება „ერაზმუსის“ დაფინანსებაზე“, – ამბობს ნანა დიხამინჯია.