ახალი ამბები

რომელი პროდუქტი გაძვირდა ყველაზე მეტად ნოემბერში

2025 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6%, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2.3 პროცენტი შეადგინა.

ამავე მონაცემების მიხედვით, ნოემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის არის: ქლიავი, მსხალი და ხორბლის პური.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ საქსტატზე დაყრდნობით გთავაზობთ იმ პროდუქტების ათეულს, რომელიც წლიურად ყველაზე მეტად გაძვირდა:

ქლიავი – 102%
მსხალი – 53%
ქორწინების 958 სინჯის ოქროს – 47%
ლიმონი – 45.5%
ატამი – 36%
კარტოფილი – 28%
ნაყინი – 27%
ხორბლის პური – 21.5%
კაკაო – 21%
შოკოლადის ფილა – 21%