ახალი ამბები

„საქართველოში 7 500-ზე მეტი გეოდინამიკურად სახიფათო ადგილია” – გეოლოგი

„საქართველოში 7 500-ზე მეტი გეოდინამიკურად სახიფათო ადგილია“, – ამის შესახებ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, გეოლოგმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა და აღნიშნა, რომ საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მუდმივი მონიტორინგი.

ამასთანავე, მანვე ისაუბრა თბილისში არსებულ გეოლოგიურად სახიფათო წერტილებზე და დასძინა, რომ პრობლემურია ვაშლიჯვრის ფერდი, ნინო ჟვანიას ქუჩა და მთაწმინდის გარკვეული ტერიტორიები.

„ვაშლიჯვარში მე ბინას არ ვიყიდდი. სხვათა შორის, ვცდილობ, რომ იქ არსებული ახალი გზითაც არ ვიარო. ვაშლიჯვრის დაღმართზე, რომელიც სამხედრო გზისკენ მიდის, ადრე იყო მეწყერი, კომუნისტებმა გზა ააშენეს იქ, სადაც მეწყერი მთავრდება, ჩვენ კი ახალი გზა რომ ავაშენეთ, მოვჭერით მეწყრის ძირი და მეწყერმა დაიწყო მოძრაობა. ამის შეჩერება, ისე, როგორც გერმანელებმა სცადეს, შეუძლებელია. პრევენციულად სულ მოუწევთ ამ ფერდზე მონიტორინგი, მაგრამ, როდის გადააჭარბებს გეოდინამიკური ენერგია მის დამცავ ძალას, კაცმა არ იცის. არავითარი გათვლები გაკეთებული არ არის.

ასევე, არც ნინო ჟვანიას ქუჩაზე ვიცხოვრებდი, იქ პირდაპირ მოჭრილია მეწყერი და ფერდშია შეცემენტებული სახლები. პრობლემურია მთაწმინდის ტერიტორიაზე, ფუნიკულიორის ქვედა სადგური, იქ რომ ახალი კორპუსებია აშენებული, ძალიან სახიფათოა, ჩემი აზრით. ჯერჯერობით ღმერთი გვფარავს. ერთ მომენტში ეს ყველაფერი შესაძლოა, დაიძრას. რადგან გაიცა მშენებლობის ნებართვები, აშენდა სახლები და ხალხმა ბინა შეიძინა, თბილისის მერიამ კეთილი უნდა ინებოს და მათ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს, რასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავ.

გვახსოვს ვერეს ხეობაში მეწყერმა როგორ გადაკეტა მდინარის კალაპოტი, წყალი გროვდებოდა და ცხადი იყო, რომ რამდენიმე დღეში გახეთქავდა და წამოვიდოდა ნაკადი. ამას მეორე კურსის სტუდენტიც იწინასწარმეტყველებდა, მაგრამ არავითარი მონიტორინგი არ ყოფილა განხორციელებული. ახლა დააყენეს სპეციალური მოწყობილობები, მაგრამ ვერეს გარდა სხვა მდინარეებიც არსებობს და სხვაგანაც არის ხიფათი მოსალოდნელი.

ჩვენთან 7500-ზე მეტი გეოდინამიკურად სახიფათო ადგილია, გეოლოგიურად ახალგაზრდა ქვეყანაა საქართველო, გეოდინამიკური პროცესები ვითარდება და აქტიურია. საჭიროა მონიტორინგი და სათანადო მონიტორინგის სისტემის დანერგვა, რომელიც 21-ე საუკუნის გამოწვევებს პასუხობს“, – განაცხადა ალექსანდრე თვალჭრელიძემ.