ახალი ამბები

რა ცვლილებები შედის საარჩევნო კოდექსში

საარჩევნო კოდექსში რიგი ცვლილებები შედის, რაც არჩევნების ორგანიზებას და კომისიების საქმიანობას უკავშირდება.

რა იცვლება საარჩევნო კოდექსში:

არჩევნები საზღვარგარეთ – მუნიციპალიტეტის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.

საარჩევნო კომისიის წევრობა – იცვლება წევრად არჩევის/დანიშვნის ნორმა. ნასამართლობის მქონე პირი ვერ გახდება საარჩევნო კომისიის წევრი, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ მას სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმა აქვს შეფარდებული.

კენჭისყრის შედეგების დაფიქსირება – ზუსტდება შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების პროცენტული წილის მითითების პროცედურა: ის აისახება დამრგვალების გარეშე, მთელი რიცხვის მარჯვნივ არაუმეტეს 5 ციფრის მითითებით.

ამომრჩევლის ბარათები – ამომრჩეველთა ინფორმირების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, საუბნო საარჩევნო კომისიებს აღარ ექნებათ ამომრჩეველთა ბარათების დარიგების ვალდებულება.

გაძევება კენჭისყრის შენობიდან – კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, კენჭისყრის შენობიდან გაძევებულ პირს აეკრძალება ყველა სხვა კენჭისყრის შენობაში შესვლა.

კანდიდატების რეგისტრაცია – მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურა: აღარ იქნება წარსადგენი სააღრიცხვო ბარათი. კანდიდატები შეავსებენ მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის თანხმობის ფორმას, სადაც აისახება ბინადრობის ცენზისა და პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაცია.

პარტიული კუთვნილება – პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად წარადგინოს მხოლოდ ამ პარტიის წევრი, ხოლო საინიციატივო ჯგუფმა – უპარტიო კანდიდატი.

სპეციალური ჯგუფის ფორმირება – თუ საარჩევნო უბნის გახსნისას კომისიის წევრთა რაოდენობა 9-ზე ნაკლები აღმოჩნდა, კომისია ჩაითვლება სპეცჯგუფად გარდაქმნილად და მას მიენიჭება კენჭისყრის ჩატარების უფლება. კვორუმად განისაზღვრება არსებული შემადგენლობის უმრავლესობა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლები – საარჩევნო კოდექსის ძირითად ტექსტში გრძელვადიან პერსპექტივაში წესრიგდება ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესი (2026 წლის 1 იანვრის შემდეგ).