ENPARD-ის პროგრამით ევროკავშირი ქართული სოფლების განვითარებას 234.5 მლნ ევროთი დაეხმარა – EU-ს წარმომადგენლობა
ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირი ქართული სოფლების განვითარებას 234.5 მილიონი ევროთი დაეხმარა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.
მათივე ცნობით, ევროკავშირი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერის კუთხით საქართველოსთან წლებია თანამშრომლობს. შედეგად, სოფლად სიღარიბე 33.4%-დან 15.6%-მდე, ხოლო უმუშევრობა 29.9%-დან 14.4%-მდე შემცირდა.
„ათწლეულზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციისა და სოფლის თემების მხარდაჭერის საკითხებში, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) საშუალებით.
ევროკავშირის დახმარება ხელს უწყობს:
სექტორისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას 2025 წელს 3%-მდე 2012 წლის 1,5%-დან;
საქართველოს ევროკავშირის სურსათის უვნებლობისა და სანიტარული ნორმების შესაბამისობაში მოყვანას;
სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ზრდას (მათ შორის ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა);
2005 წლიდან 60-ზე მეტი გეოგრაფიული აღნიშვნის (ადგილწარმოშობის დასახელების) აღიარებას საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ავთენტურობის წარმოსაჩენად;
საკვებით გამოწვეული დაავადებების შემცირებას და საქართველოში მომხმარებლების დაცვას;
EU LEADER მოდელის დანერგვას, რომელიც სოფლის თემებში ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების შესაძლებლობებს აძლიერებს;
საქართველოს სოფლის თემებში მცხოვრებთა 38%-ისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას.
ამჟამად ევროკავშირი აგრძელებს 18 მილიონი ევროს ინვესტირებას მდგრად ირიგაციით უზრუნველყოფილ სოფლის მეურნეობის სფეროში, 18,000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის აღსადგენად, რაც ეხმარება ფერმერებს წყლის გამოყენების ეფექტიანობის გაუმჯობესებაში, ნიადაგის დაცვასა და აგროეკოსისტემის ბიომრავალფეროვნების გაძლიერებაში. ENPARD-ს მოჰყვება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, სოფლის განვითარებისა და მდგრადი სასურსათო სისტემების მხარდამჭერი ახალი პროგრამა.
ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს სოფლის თემების და უფრო მდგრადი, თანამედროვე და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო სექტორის ჩამოყალიბებას უჭერს მხარს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

