კოლოფი სიგარეტი, სავარაუდოდ, 50 თეთრზე მეტით გაძვირდება – ზვიად სხვიტარიძე აქციზის ზრდაზე
საერთაშორისო ბიზნესის და სამართლის საკითხებში ექსპერტის ზვიად სხვიტარიძის შეფასებით, იმპორტირებულ თამბაქოზე აქციზის ზრდა ერთ კოლოფ სიგარეტზე ფასს მომავალი წლიდან დაახლოებით 50 თეთრის ფარგლებში გაზრდის.
საქმე ისაა, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზური მარკა ამჟამად არსებული 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე იზრდება – ამას ითვალისწინებს ქართული ოცნების დეპუტატების მიერ შემუშავებული კანონპროექტი. ამავე ინიციატივით, ადგილობრივი ინდუსტრიისთვის სიგარეტის აქციზი კოლოფზე 1.9 ლარიდან 1.3 ლარამდე მცირდება. განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ ცვლილების მიზანს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა წარმოადგენს.
როგორც სხვიტარიძე BMG-სთან აცხადებს, ინიციირებული კანონპროექტის მთავარი მიზნის მიღწევა, ადგილობრივი წარმოების წილის ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ქვეყანაში კონტრაბანდული იმპორტირებული თამბაქოს ზრდაა მოსალოდნელი.
“კანონპროექტით იმპორტირებულ თამბაქოზე სპეციფიკური აქციზის რადიკალური ზრდა ხდება, მაგრამ ადვალური კომპონენტი მცირდება, რაც მაინც უდრის მინიმუმ 30-40-თეთრიან ზრდას თვითონ თამბაქოს პროდუქციაზე. შეიძლება მეტიც იყოს, რადგან ამას დღგ-ც ემატება და შესაბამისად, ავტომატურად, სავარაუდოდ, 50-თეთრიან ზრდას გამოიწვევს უშუალოდ ბაზარზე, შესაძლოა ერთ ლარამდეც, რაც, რა თქმა უნდა, პირდაპირ დაარტყამს გაყიდვებს.
იქიდან გამომდინარე, რომ ამას აუცილებლად არალეგალური პროდუქცია ჩაანაცვლებს, არალეგალური პროდუქციის შეზღუდვის და მისი კონტროლის არანაირი მექანიზმი სამწუხაროდ, არ არსებობს. მით უმეტეს, უკვე ისედაც გაზრდილი აქციზის ფონზე, როდესაც საქართველოს სხვა ქვეყნებთან მიმართებით, თუნდაც, მაგალითად, სომხეთთან მიმართებით, კოლოფზე დოლარნახევარით მეტი აქვს აქციზის გადასახადი, რაც თავისთავად ძალიან მიმზიდველი ფაქტორია არალეგალური ვაჭრობის გაზრდისთვის”, – განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.
მისივე თქმით, სახეზეა სახელმწიფოს მხრიდან თამბაქოს კონტროლის არათანმიმდევრული პოლიტიკა, რადგან ინიციირებული ცვლილებებით იმპორტირებულ თამბაქოზე აქციზის ზრდის პარალელურად, მცირდება აქციზის განაკვეთი ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე.
“თამბაქოს პოლიტიკა ამ კუთხით, რა თქმა უნდა, არათანმიმდევრულია. ის გაცხადებული მდგომარეობა, თუნდაც აქციზთან და სხვა რეგულაციებთან მიმართებით, რაც იგივე 2015-2016 წლიდან მოყოლებული იყო, დღეს აღარაა. როდესაც რაღაც კონკრეტული საჭიროებები დადგება, მაშინ ხდება თამბაქოზე მოულოდნელად აქციზის ზრდა, რაც თავისთავად ბიზნეს განჭვრეტადობას არ ემსახურება. ისევე როგორც თუნდაც პოლიტიკა, რომელიც ადგილობრივ ინდუსტრიას უმცირებს აქციზის განაკვეთს, ამასთან, რადიკალურად უზრდის აქციზს იმპორტირებულ ნაწარმს. ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ზოგადად მეწარმეობის და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპს და არ არის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში”, – განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.

