რა იცვლება საარჩევნო კოდექსში
საპარლამენტო არჩევნებში უცხოეთში ხმის მიცემის აკრძალვასთან ერთად, საარჩევნო კოდექსში კიდევ რიგი ცვლილებები შედის, რაც არჩევნების ორგანიზებას და კომისიების საქმიანობას უკავშირდება.
ინფორმაციისთვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების მიერ 42 ქვეყნის 53 ქალაქში იყო შექმნილი 67 უბანი, რეგისტრირებული ამომრჩევლების რიცხვი 96 ათასს აღწევდა, საიდანაც ხმა 34,296-მა მოქალაქემ დააფიქსირა.
რა იცვლება საარჩევნო კოდექსში
- არჩევნები საზღვარგარეთ – მუნიციპალიტეტის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.
- საარჩევნო კომისიის წევრობა – იცვლება წევრად არჩევის/დანიშვნის ნორმა. ნასამართლობის მქონე პირი ვერ გახდება საარჩევნო კომისიის წევრი, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ მას სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმა აქვს შეფარდებული.
- კენჭისყრის შედეგების დაფიქსირება – ზუსტდება შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების პროცენტული წილის მითითების პროცედურა: ის აისახება დამრგვალების გარეშე, მთელი რიცხვის მარჯვნივ არაუმეტეს 5 ციფრის მითითებით.
- ამომრჩევლის ბარათები – ამომრჩეველთა ინფორმირების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, საუბნო საარჩევნო კომისიებს აღარ ექნებათ ამომრჩეველთა ბარათების დარიგების ვალდებულება.
- გაძევება კენჭისყრის შენობიდან – კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, კენჭისყრის შენობიდან გაძევებულ პირს აეკრძალება ყველა სხვა კენჭისყრის შენობაში შესვლა.
- კანდიდატების რეგისტრაცია – მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურა: აღარ იქნება წარსადგენი სააღრიცხვო ბარათი. კანდიდატები შეავსებენ მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის თანხმობის ფორმას, სადაც აისახება ბინადრობის ცენზისა და პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაცია.
- პარტიული კუთვნილება – პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად წარადგინოს მხოლოდ ამ პარტიის წევრი, ხოლო საინიციატივო ჯგუფმა – უპარტიო კანდიდატი.
- სპეციალური ჯგუფის ფორმირება – თუ საარჩევნო უბნის გახსნისას კომისიის წევრთა რაოდენობა 9-ზე ნაკლები აღმოჩნდა, კომისია ჩაითვლება სპეცჯგუფად გარდაქმნილად და მას მიენიჭება კენჭისყრის ჩატარების უფლება. კვორუმად განისაზღვრება არსებული შემადგენლობის უმრავლესობა.
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლები – საარჩევნო კოდექსის ძირითად ტექსტში გრძელვადიან პერსპექტივაში წესრიგდება ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესი (2026 წლის 1 იანვრის შემდეგ).

