ბრიტანეთი საიმიგრაცო პოლიტიკას ამკაცრებს
დიდი ბრიტანეთი ამკაცრებს საემიგრაციო პოლიტიკას და მუდმივი ბინადრობის უფლების მისაღებ ვადას უკანონო მიგრანტებისთვის ხუთიდან 20 წლამდე ზრდის. ამასთან, ბრიტანული მედიის ცნობით, მასშტაბური საიმიგრაციო რეფორმის ფარგლებში იგეგმება, რომ ლტოლვილის სტატუსი დროებითი გახდეს.
ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ინსპირაციას დანიის მიდგომიდან იღებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია ევროპაში, სადაც მზარდმა ანტიიმიგრაციულმა განწყობებმა ბევრ ქვეყანაში შეზღუდვების გამკაცრება გამოიწვია, რასაც უფლებადამცველები აკრიტიკებენ.
ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში, გაუქმდება თავშესაფრის მაძიებლებისთვის გარკვეული მხარდაჭერის უზრუნველყოფის კანონიერი ვალდებულებაც, მათ შორის საცხოვრებლითა და ყოველკვირეული დახმარებებით. ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ეს ზომები გავრცელდება თავშესაფრის მაძიებლებზე, რომლებსაც შეუძლიათ მუშაობა, მაგრამ არ სურთ, და მათზე, ვინც კანონს არღვევს. სამინისტროში აცხადებენ, რომ გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული მხარდაჭერა პრიორიტეტული იქნება იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ ეკონომიკასა და ადგილობრივ თემებს.
ახალი წესებით, ბინადრობის მოწმობის მიღების ვადა 20 წლით განისაზღვრება არალეგალური გზით ჩასული მიგრანტებისთვის, ხოლო 10 წელი დაწესდება ბრიტანეთში ახალი პროგრამებით ჩასული ლტოლვილებისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ლტოლვილების დაცვა „ახლა დროებითი იქნება, რეგულარულად გადაიხედება და გაუქმდება“, თუ მიგრანტის სამშობლო უსაფრთხოდ ჩაითვლება.
„ჩვენი სისტემა განსაკუთრებით გულუხვია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, სადაც ხუთი წლის შემდეგ თქვენ ფაქტობრივად ავტომატურად დასახლდებით ამ ქვეყანაში. ჩვენ ამას შევცვლით“, – განუცხადა შს მინისტრმა შაბანა მაჰმუდმა Sky News-ს.

