ახალი ამბები

„ქვეითების მიმართ ადმინისტრირება არ არის ეფექტური – საჯარიმო სანქციების გაზრდა არ არის გამოსავალი“ – დავით მესხიშვილი

„ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია მწყობრი გეგმა“, – ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის“ პრეზიდენტი, დავით მესხიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, საჭიროა ინფრასტრუქტურის გამართვა, რათა ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპვის მაჩვენებელი მინიმალური იყოს.

„ჩვენთან ავარიების დროს დაღუპულთა რაოდენობა 4-5-ჯერ აღემატება ევროპის საშუალო მაჩვენებელს, „საუკეთესო“ მაჩვენებელს კი 7-8-ჯერ აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ეს ის რაოდენობაა, რაც სტატისტიკიდან ვიცით, რეალური მაჩვენებელი იმაზე უარესია, რაც გამოქვეყნებულია. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია მწყობრი გეგმა. ევროკავშირის ქვეყნების ქალაქები სწორი სტრატეგიით, ურბანული და ინფრასტრუქტურული განვითარებით მივიდნენ ნულოვან სიკვდილიანობამდე ქალაქის ცენტრებში, რადგან ასეთი უბნები ძირითადად ფეხით მოსიარულეებს დაეთმო.
ავტომობილი არ არის უპირატესი არასდროს ფეხით მოსიარულეზე, ვგულისხმობ არა საგზაო მოძრაობის წესების, არამედ ინფრასტრუქტურული მოწყობის კუთხით. პირველ რიგში, სივრცე უნდა მოერგოს ქვეითად მოსიარულეს, მისთვის უნდა იყოს უსაფრთხო. შესაძლოა, ტროტუარების ამგვარად მოწყობა გარკვეულ უბნებში ვეღარ შევძლოთ, მაგრამ ყველა ქალაქში შენდება ახალი მიკრო უბნები, იქ ხომ მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული ტროტუარები?“, – აღნიშნა რესპონდენტმა.

ამასთანავე, მესხიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეითების მიერ მოძრაობის წესების დარღვევაზე და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ადმინისტრირება არ არის ეფექტური.

„სადაც ქვეითთა ნაკადი არ წყდება, ისეთ მონაკვეთებზე მოძრაობა უნდა კონტროლდებოდეს შუქნიშნის საშუალებით. ქვეითების მიმართ ადმინისტრირება არ არის ეფექტური. საჯარიმო სანქციების გაზრდა არ არის გამოსავალი. ზოგიერთი ამ ჯარიმას იხდის, პრობლემა არ აქვს, ამიტომ თანდართული უნდა იყოს ცნობიერების ამაღლების კამპანია. მარტო დაჯარიმება არ არის გამოსავალი ყოველთვის“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.