როდის დაიწყება კახეთის მაგისტრალის კიდევ ორი მონაკვეთის მშენებლობა
კახეთის მაგისტრალური გზის კიდევ ორი მონაკვეთის მშენებლობაზე სატენდერო პროცედურების დაწყება დაგეგმილია 2026 წელს, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ.
უფრო კონკრეტულად, საუბარია ბადიაური-ჩალაუბნის 22.6 კმ-იან მონაკვეთზე (ლოტი 4) და ჩალაუბანი-ბაკურციხის 9.1 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე.
„თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის კმ52+540 – კმ75+100 მონაკვეთის ლოტი 4 – ბადიაური-ჩალაუბნის (სიგრძე – 22.6 კმ) და საავტომობილო გზის კმ75+100 – კმ84+217 მონაკვეთის ლოტი 5 – ჩალაუბანი-ბაკურციხის (სიგრძე – 9.1 კმ) მონაკვეთების მშენებლობასთან დაკავშირებული სატენდერო პროცედურების დაწყება დაგეგმილია 2026 წელს“, – აცხადებენ ,,ბიზნესპრესნიუსთან” უწყებაში.
ინფორმაციისთვის, კახეთის მაგისტრალური გზა რამდენიმე ლოტად არის დაყოფილი, აქედან შემდეგ მონაკვეთებზე სამუშაოები დასრულებულია:
ლოტი 0 – საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ0+310 – კმ4+040 მონაკვეთი – ვაზიანის შემოვლითი საავტომობილო გზის (სიგრძე – 3.6 კმ) მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი. აღნიშნული სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება არის 70 221 612.57 ლარი და ის დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტით;
ლოტი 1 – საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ4+040 – კმ27+840 მონაკვეთი – ვაზიანის შემოვლითი-საგარეჯოს მონაკვეთის (სიგრძე – 23.8 კმ) მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი. აღნიშნული სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება არის 313 378 683.82 ლარი და დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტით;
ლოტი 2 – საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ27+840 – კმ35+500 მონაკვეთი – საგარეჯოს შემოვლითი საავტომობილო გზის (სიგრძე – 7.6 კმ) მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი. აღნიშნული სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება არის 149 902 365.13 ლარი და დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტით.
საერთაშორისო მნიშვნელობის ბაკურციხე-წნორის მონაკვეთის (აღნიშნული გზის 16.6 კმ სიგრძეს ემატება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაკურციხე – გურჯაანი (ასაქცევი) – ჩუმლაყის ს/გზის საწყისი 1.5 კმ-იანი მონაკვეთი და ჯამში შეადგენს 18 კმ-ს) მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი. აღნიშნული სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება არის 87 857 420.53 ლარი და ის დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ (ADB).

