ახალი ამბები

,,დანერგე მომავლის“ პროგრამაში რეგისტრაცია იწყება

სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 10 ნოემბრის 12:00 საათიდან დაიწყება და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით განხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 250 000 ლარიდან 500 000 ლარამდე, ხოლო ლურჯი მოცვის შემთხვევაში 750 000 ლარამდე გაიზარდა.

„ცვლილებები შეეხო ასევე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების თანადაფინანსების კომპონენტს. გაფართოვდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჩამონათვალი და გაიზარდა თანადაფინანსების პროცენტი.

თანადაფინანსება გაიცემა ვაზის, თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი კულტურების განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 30%-ისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 40%-ისა.

დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ არაუმეტეს 50 ჰა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობა და ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა განსაზღვრულია არაუმეტეს 750,000 ლარით“, – აღნიშნულია განცხადებაში.