ახალი ამბები

როგორ ხორციელდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული DCFTA – ევროკომისიის ანგარიში

ევროკომისიამ ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკის აღსრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს ევროპული ბლოკის მიერ გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებებს, მათ შორის არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც (DCFTA).

ანგარიშში წერია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის ბოლო შეხვედრა თბილისში 2023 წლის 12-13 დეკემბერს გაიმართა, 2024 წელს გაუარესებული პოლიტიკური სიტუაციის გამო, ასოცირების კომიტეტი არ შედგა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების საერთო სტატუსი არ გადაიხედა. თუმცა, როგორც ევროკომისიის ანგარიშშია აღნიშნული, მიუხედავად ამისა, 2024 წელს საქართველომ გარკვეული პროგრესი განიცადა სამართლებრივი დაახლოების რამდენიმე სფეროში:

სანიტარული და ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ აკვაკულტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ დაფიქსირებულა, საქართველომ შეავსო კითხვარი, რომელიც ეხებოდა საქართველოსთვის ევროკავშირში დედა ფუტკრების ექსპორტის უფლების მიცემის პროცესს, რომელსაც ევროკავშირი განიხილავს.
ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, საქართველოს მთავრობამ განაგრძო ძალისხმევა ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და აღსრულების სისტემის რეფორმირებისთვის, განსაკუთრებით პატენტის კანონმდებლობის, ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების (GIs) შესახებ კანონის, სავაჭრო ნიშნების შესახებ კანონისა და საავტორო უფლებების შესახებ კანონის კუთხით. საავტორო და სამრეწველო საკუთრების უფლებების შესახებ კანონმდებლობა ნაწილობრივ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას.
ენერგეტიკული პოლიტიკის სფეროში, 2017 წელს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანების შემდეგ, საქართველო აგრძელებს მუშაობას ენერგეტიკის სფეროში კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით, ენერგეტიკული თანამეგობრობის სამუშაო პროგრამის შესაბამისად. საქართველო აგრძელებს ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი ჩარჩოს, მეთოდოლოგიებისა და რეგულაციების შემუშავებას. დღით ადრე და დღიური ელექტროენერგიის ბაზრების გარდამავალი მოდელი 2024 წლის 1 ივლისს ამოქმედდა. რაც შეეხება ელექტროენერგიის ინტეგრაციის პაკეტს (EIP), გაგრძელდა მუშაობა შესაბამისი დებულებების ტრანსპოზიციისა და განხორციელებისთვის საჭირო ცვლილებების მოსამზადებლად. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა 2024 წლის ივლისში დასრულდა.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველოს პროგრესი აქვს შრომითი ინსპექტირების სისტემის გაძლიერების კუთხით, ასევე, ის რომ საქართველომ მიიღო კლიმატური ცვლილებების ეროვნული სტრატეგია 2030. თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რა საფრთხეებს ქმნის შრომითი პირობების მიმართულებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა შესახებ კანონები”.

“ევროკავშირ-საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში შიდა საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა 2024 წლის 17 ივნისს გაიმართა. მისი ერთობლივი დასკვნები სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის ფორუმზე 2025 წლის 18 ივნისს განიხილეს. მათ ღრმა შეშფოთება გამოთქვეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით და მოუწოდეს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევისკენ, რაც თავისი ფორმით ხელს შეუშლის სამუშაო ადგილზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 111-ე [დისკრიმინაციის აკრძალვა] და 190-ე [ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ] კონვენციების განხორციელებას”, – წერია ანგარიშში.

ცნობისთვის, DCFTA საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასთან ერთად 2014 წელს გააფორმა. DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნა მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც დაახლოებით 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს.

ევროკავშირის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში ევროპულ ბლოკთან ვაჭრობამ 3,9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს აჭარბებს 300 მლნ აშშ დოლარით, 2015 წლის მონაცემებზე [როცა ჯერ DCFTA არ მოქმედებდა] კი 2 მლრდ აშშ დოლარით მეტია.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მთლიან ვაჭრობაში ექსპორტს დაახლოებით მეექვსედი უკავია. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტმა 612 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მართალია გასული წლის მაჩვენებლებს(390 მლნ აშშ დოლარი) მნიშვნელოვნად აჭარბებს, მაგრამ 2015 წლის მონაცემებთან შედარებით არცისე დიდი მატებაა. კერძოდ, 2015 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, როცა DCFTA ჯერ ამოქმედებული არ იყო, ევროკავშირში 452 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი გვქონდა.

ევროკავშირის ცნობით, ევროპული ბლოკის ვაჭრობა საქართველოსთან მისი მთლიანი ვაჭრობის მხოლოდ 0.1%-ს შეადგენს. ევროკავშირში საქართველოდან საექსპორტო საქონელი მეტწილად მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, თხილი, მინერალური სასუქები და ყურძნის ნატურალური ღვინოებია.