უპრეცედენტო უკუსვლა კანდიდატებს შორის – ევროკომისიის გაფართოების ანგარიში
“რადიო თავისუფლებამ” ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში მოიპოვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, სასამართლოს დამოუკიდებლობის „შერყევის“, ინსტიტუტების პარტიული ინტერესებისადმი დაქვემდებარებისა და საგარეო პოლიტიკის შეცვლილი პრიორიტეტების გამო უპრეცედენტოდ მწვავედ აკრიტიკებს.
ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიში მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ყველა კანდიდატ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, წინსვლისა და რეფორმების პრიორიტეტების ყოველწლიურ შეფასებას. დოკუმენტი 4 ნოემბერს გამოქვეყნდება.
როგორც “რადიო თავისუფლება” წერს, ანგარიშის მიხედვით, „საქართველოში მიღებული და აღსრულებული შემზღუდავი კანონები, რომლებიც აქტივისტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას ეხება, საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საფუძვლების გადარჩენას და უპრეცედენტოა კანდიდატ ქვეყნებს შორის“.
ანგარიშში საუბარია 2024 წლის შემდეგ სიტუაციის მნიშვნელოვან გაუარესებაზე. ევროკომისია და აღწერს, კონკრეტულად სად მოხდა ეს უკუსვლა:
„საქართველომ განიცადა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების მკვეთრი შეზღუდვით“;
„ხელისუფლების სისტემური და სისტემატური რეპრესიული ქმედებები, – მათ შორის სამოქალაქო სივრცისა და ფუნდამენტური უფლებების, ასევე დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების შემზღუდველი კანონმდებლობა, ლგბტქ ადამიანების მიზანში ამოღება, სამართალდამცავი ორგანოების მიერ სრული დაუსჯელობის პირობებში ძალის გადაჭარბებული გამოყენება და ევროკავშირის წინააღმდეგ მტრული რიტორიკა, – მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ ქმედებებს“;
გარდა ამისა, ევროკომისიის მიერ შემუშავებული ცხრა რეკომენდაციის მიმართულებით „მნიშვნელოვანი უკუსვლა დაფიქსირდა, რაც ქვეყანას ევროკავშირის გზას კიდევ უფრო აშორებს“;
„კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილი ინსტიტუტები პარტიული მიზნებისთვის იქნა გამოყენებული, რითაც მათს სანდოობას საძირკველი გამოუთხარა“;
„ხელისუფლებას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს კურსის შესაცვლელად და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად“;
„ოპოზიციის წამყვანი ფიგურების დაპატიმრება, მმართველი პარტიის მიერ კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირებისთვის საქმიანობის აკრძალვის განზრახვის შესახებ განცხადებასთან ერთად, დემოკრატიულ პლურალიზმზე პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს“.
ცალკე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობა „მნიშვნელოვნად გაუარესდა“, რამეთუ „დემოკრატიის სათანადო ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ინსტიტუტებსა და ორგანოებს არ გააჩნდათ მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა“.
ასევე: „საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებებმა სერიოზულად შეარყია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მთლიანობა, რამაც გაამწვავა სასამართლო ხელისუფლების მიტაცების რისკები“.
არჩევნებზე აღნიშნულია, რომ საქართველოში 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო და 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები გამოირჩეოდა „პოლარიზაციისა და დემოკრატიული უკუსვლის მაღალი დონით“. ამას „თან ახლდა ცნობები ამომრჩევლის დაშინების, იძულებისა და მათზე ზეწოლის შესახებ“. ამ ყველაფერმა კი „კითხვის ნიშნები გამოიწვია მოქალაქეთა მოსაზრებების თავისუფლად ფორმირების შესაძლებლობისა და ხმის მიცემის ანგარიშსწორების შიშის გარეშე შესაძლებლობის შესახებ“.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან კიდევ უფრო შემცირდა და დაბალ ნიშნულზეა შენარჩუნებული. კომისია აქ რამდენიმე აქცენტს სვამს:
ევროკავშირისთვის „მაღალი პრიორიტეტის და ეკონომიკურად კრიტიკული საქონლის რეექსპორტი კვლავ შეშფოთების საგანია;
„საქართველოდან რუსეთში, სხვადასხვა მიმართულებით, ფრენები მნიშვნელოვნად გაიზარდა“;
„საქართველომ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობის ძალისხმევა, რათა თავიდან აიცილოს მისი ტერიტორიის და/ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების გამოყენება ევროკავშირის შემზღუდავი ზომების გვერდის ავლით“.
სამეზობლო პოლიტიკის ნაწილში წერია, რომ „საქართველო, როგორც წესი, კარგ ორმხრივ ურთიერთობებს ინარჩუნებს მეზობლებთან და გაფართოების პოლიტიკის სუბიექტ ქვეყნებთან“. მაგალითად, წერია, რომ:
„საქართველოსა და მოლდოვას ტრადიციულად კარგი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ“ [ბოლო პერიოდში ურთიერთობა დაძაბულია, მაია სანდუს მიერ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის აღიარების გამო].
„საქართველოსა და თურქეთს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ მაღალი დონის კონტაქტებით, მათ შორის „მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს“ ჩათვლით;
იქვე აღნიშნულია: „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, უკრაინა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან შეუსაბამობისა და [ბლოკთან] სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის არარსებობის გამო“.
ერთადერთი პოზიტიური მიმართულება, რაშიც საქართველო ლიდერობს, არის ეკონომიკური ზრდა „მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური ზრდა შესამჩნევი იყო საქართველოში (9.4%), კოსოვოში (4.4%) და ჩრდილოეთ მაკედონიაში (2.8%), ხოლო სერბეთმა (3.9%) და ალბანეთმა (4%) შეინარჩუნეს ზრდის იმავე ტემპი, რაც წინა წელს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

