ევროკავშირი საქართველოს მილსადენების მოწყობილობების და ფოლადის სპეციალური კონსტრუქციების რეექსპორტის გაკონტროლებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი საქართველოს მილსადენების მოწყობილობების და ფოლადის სპეციალური კონსტრუქციების რეექსპორტის გაკონტროლებისკენ მოუწოდებს – ამის შესახებ აღნიშნულია სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანის წერილში, რომელიც მან საქართველოს ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს გაუგზავნა.
წერილში ო’სალივანი საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის სანქციების რეჟიმის პირნათლად შესრულებისთვის.
როგორც სალივანი აღნიშნავს, მილსადენების მოწყობილობები და ფოლადის სპეციალური კონსტრუქციები რუსეთის ნავთობის მოპოვების სექტორის მიერ გამოიყენება და ევროკავშირს EU-დან ამ საქონლის ექსპორტზე შეზღუდვა აქვს დაწესებული. შესაბამისად, წერილში ნათქვამია, რომ ამ მიმართულებით იმპორტისა და რეექსპორტის ნაკადები მნიშვნელოვანია საქართველომაც გააკონტროლოს.
“მადლობას გიხდით ამ ნივთების რეექსპორტის შეჩერებაზე გაწეული ძალისხმევისთვის. ევროკომისიამ შეადგინა ეკონომიკურ კონტექსტში კრიტიკული მნიშვნელობის მქონე საქონლის სია, რომლის შეძენასაც რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს თავისი საომარი მოქმედებების უზრუნველსაყოფად.
ეს სანქცირებული ნივთებია, რასაც რუსეთის სამრეწველო ბაზის მხარდაჭერა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქონლის უმეტესობა არ არის ტრადიციული გაგებით ორმაგი დანიშნულების ნივთები, მათი რეექსპორტი აძლიერებს რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებს. მაგალითად, მილსადენებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ან სპეციალიზებული ფოლადის კონსტრუქციები საჭიროა რუსეთის მინერალური რესურსების ინდუსტრიისთვის.
ეს სექტორი რუსეთის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი დარგის საარსებო წყაროა. ამიტომ, თქვენდამი პატივისცემით, მოგმართავთ თხოვნით, რომ აკრძალოთ ევროკავშირის წარმოშობის ყველა ამ სიაში მითითებული ნივთისა და ამ კოდების მქონე პროდუქციის რეექსპორტი რუსეთში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ამ საქონლის ძირითადი რეექსპორტიორი, რეგიონის ქვეყნებმა უკვე იპოვეს გზა ამ საკითხის მოსაგვარებლად და არსებობს რისკი, რომ საქართველო ამ ნივთებით ალტერნატიულ უკანონო ვაჭრობის გზად იქცეს.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება თქვენი შესაბამისი ორგანოებისთვის, რათა გაგრძელდეს შესაბამისი ზომების მიღება და სანქცირებული საქონლის რეექსპორტი აღარ მოხდეს რუსეთში, სადაც მისი გადამისამართება ხდება სამხედრო ინდუსტრიის მხარდასაჭერად. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი მყისიერი ყურადღებისთვის“, – აღნიშნულია დევიდ ო’სალივანის წერილში.

