ახალი ამბები

სექტემბერში 100-ლარამდე ხელფასს 10 516 პირი იღებდა

2025 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 3%-ით შემცირდა იმ პირების რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 100 ლარის ფარგლებში იყო.

კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში 100-ლარამდე ხელფასი 10 842 ადამიანს ჰქონდა, სექტემბერში კი მათი რიცხვი 10 516-ს შეადგენდა. ამასთან, მონაცემები აჩვენებს, რომ სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით 4.4%-ით გაიზარდა 100 ათას ლარზე მეტი მოცულობის ხელფასის მიმღებთა რიცხვი. უფრო დეტალურად, სექტემბერში 100 ათას ლარზე მეტი ხელფასი 287-ს ჰქონდა, აგვისტოში კი რაოდენობა 275 პირამდე შემცირდა.

ამასთანავე, „ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, სექტემბერში 100-დან 1000-ლარამდე ხელფასს 235 027 პირი იღებდა, აგვისტოში კი ამ კატეგორიის ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 236 298-ს შეადგენდა. ამ შემთხვევაში ფიქსირდება 0.5%-იანი კლება.

გარდა ამისა, 6.7%-ით არის გაზრდილი იმ პირების რაოდენობა, რომელთა ხელფასიც თვეში 1000-ლარიდან 9600-ლარამდე იყო. მაგალითად, აგვისტოში აღნიშნული მოცულობის ხელფასი 668 887 დასაქმებულს ჰქონდა, სექტემბერში კი რაოდენობა 714 032-მდე გაიზარდა.

2.4%-იან ზრდას აჩვენებს იმ დასაქმებულების რაოდენობაც, რომლებიც თვეში 9600-ლარიდან 100 ათას ლარამდე ხელფასს იღებდნენ. უფრო კონკრეტულად, აგვისტოში ამ ოდენობის ხელფასს 28 344 დასაქმებული იღებდა, სექტემბერში კი 29 020 პირი.