ახალი ამბები

ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდებულებს ზიანის სრულად ანაზღაურებამდე ქვეყნის დატოვება აეკრძალათ

ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდებულებს ზიანის სრულად ანაზღაურებამდე ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ.

შესაბამისი კანონპროექტი გუშინ ერთპარტიულმა პარლამენტმა დაამტკიცა და მას ხელი დღეს “ოცნების” არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მოაწერა.

საკანონმდებლო ცვლილებები ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს საქართველოდან გასვლის აკრძალვის 16-წლიან ჭერს აუქმებს და პირს ქვეყნის დატოვებას უვადოდ, იქამდე უკრძალავს, სანამ ზარალს სრულად არ აანაზღაურებს.

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსის 165/7 პრიმა მუხლს ეხება.

რა შეიცვალა?

ქვეყნის დატოვების აკრძალვა აღარ იქნება დამოკიდებული სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენზე – საქართველოს დატოვების აკრძალვა გაიცემა იმპერატიულად, განაჩენში მითითების გარეშე.
მსჯავრდებულს შეუძლია ქვეყანა დატოვოს მხოლოდ მაშინ, როცა დაზარალებულმა უარი თქვას კომპენსაციაზე ან ზიანი უკვე აუნაზღაურა ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტით.
აქამდე არსებული 16-წლიანი ვადა აღარ მოქმედებს; ქვეყნის დატოვების აკრძალვა შესაძლოა გაგრძელდეს მანამ, სანამ ზიანი არ აანაზღაურებს.
რა შემთხვევაში შეიძლება აეკრძალოს პირს ქვეყნიდან გასვლა?

მსჯავრდებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე პირი;
დანაშაული უნდა იყოს ფინანსურ-ეკონომიკური, მაგალითად: დიდი ოდენობით თაღლითობა, ქონების გამოძალვა, ნივთის მითვისება, გაფლანგვა, კომპიუტერული სისტემის დაზიანება ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სხვ.
ამ დანაშაულებში მსჯავრდებულ პირს ქვეყნის დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება თუ თავად დაზარალებული იტყვის უარს ამ კანონის აღსრულებაზე ან/და დაზარალებულს გადაუხდის კომპენსაციას.

ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა და “ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 14 ოქტომბერს თქვეს, რომ ფინანსურ დანაშაულზე ქვეყნის დატოვების აკრძალვის გამკაცრება კონკრეტულად არავის უკავშირდება. თუმცა, 4 თვით ადრე, როცა კანონპროექტი დააინიცირეს, იმჟამინდელმა უმრავლესობის ლიდერმა და დღეს სუს-ის ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან თქვა, რომ კანონპროექტი “დიახ, ბაჩიაშვილითაა ინსპირირებული”.