პარლამენტმა პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვასთან და აქციებთან დაკავშირებული ცვლილებები I მოსმენით მიიღო
ერთპარტიულმა პარლამენტმა პირველი მოსმენით ათეულობით საკანონმდებლო ცვლილება მიიღო.
მათ შორის, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო კანონპროექტი, რომლითაც მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესდებათ იმ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებსაც საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას გააუქმებს მასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პარტიის ხელმძღვანელობა, პარტიის წევრობა და თანამდებობის დაკავება.
ასევე, დღეს, პირველი მოსმენით მიიღეს “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა” და “სისხლის სამართლის კოდექსებში” ცვლილებები, რაც აქციებთან დაკავშირებით კანონმდებლობას ამკაცრებს და დაჩქარებული წესით განიხილება. ცვლილებებით, აქციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი აქციის ორგანიზატორია – 20 დღემდე ვადით. იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან მის განკარგულებას არ დაემორჩილება.
პირველი მოსმენით მიღებულ პროექტებს შორის არის „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებაც, რომელიც დაჩქარებულად განიხილება. ის ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევი პირების საქართველოდან გასვლის აკრძალვას უკავშირდება.
კანონპროექტების მეორე და მესამე მოსმენით მიღება 16 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

