ახალი ამბები

“აქციაზე სახის ნიღბით დაფარვა ან გზის გადაკეტვა 15 დღემდე პატიმრობით დაისჯება” – „ოცნება“ აქციებთან დაკავშირებით კანონმდებლობას ამკაცრებს

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კირცხალიას თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებები შევა.

კერძოდ:

შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბის დაფარვის, ცრემლსადენი ანდა მომწამვლელი ნივთირების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის, ან დროებით კონსტრუქციის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება იმ პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენილი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას 1 წლამდე ვადით. ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება გამოიწვევს 2 წლამდე ვადით პასუხისგებაში მიცემას.

სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით. ამასთანავე, არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი.

ირაკლი კირცხალიას თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის ფორმა საზოგადოებისთვის დისკომფორტის მიზეზი ხდება.

“საზოგადოება უყურებს რამდენიმე ასეულ ადამიანს, რომელიც დარბის რუსთაველის გამზირზე.ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის არის დისკომფორტი. იდგნენ, გააპროტესტონ, ოღონდ ჩარჩოების ფარგლებში გააპროტესტონ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ პროტესტს ვკრძალავთ. 7 კაცი რომ დარბის რუსთაველზე, რომლებიც ყველას აყენებენ შეურაცხყოფას – საჯარო მოხელეებს, ავტობუსის მძღოლებს, გამვლელ მოქალაქეებს. როდესაც 15 ადამიანი შეიკრიბება და დარბის ხელჩაკიდებული და დისკომფორტს უქმნის საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ამის საშუალებას არ მივცემთ. გამკაცრდება კანონი. აუცილებლად მივიღებთ ამ კანონს და დამერწმუნეთ, რეაგირებაც შესაბამისი ექნება შესაბამისს უწყებებს. ეს ყმაწვილები თუ გოგოები დგებიან ყოველ დილით, ყავის ან ჩაის შემდეგ გამოვლენ, იციან რომელ საათზე გავიდნენ. თუ უნდათ პროტესტი 3 000 დღე გააგრძელონ, ოღონდ თუ 20 კაცი იქნება, დადგნენ პარლამენტის შენობასთან თუ სურთ დროები შეცვალონ, ოღონდ ისეთ ადგილზე შეიკრიბნონ, სადაც პროტესტის გამოხატვა თავისუფლად შეეძლებათ”, – განაცხადა კირცხალიამ.