საჩინის მონასტერი სოფელ ახალდაბაში
საჩინის მონასტერი — XIV საუკუნის I ნახევრის მონასტერი ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს მდინარე ხოდაშნისხევის მარცხენა სანაპიროზე, გომბორის ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე, ტყით დაფარული მაღალი მთის წვერზე. ამჟამად დანგრეულია, ჩამონგრეულია გუმბათი. მონასტერი შემოღობილია დაბალი გალავნით.
ეკლესია გუმბათიანია, გეგმით კვადრატული (14,2X14,2 მ), ნაგებია რიყის ქვით, აგურითა და შირიმის ქვით. გუმბათქვეშა ბურჯები და საბჯენი ტარები, აფრები, გუმბათის ყელი, აფსიდის ზედა ნახევარი და შესასვლელთა წირთხლები შირიმისაა. დანარჩენი შიგნითა ნაწილები კი ნაგებია რიყის ქვითა და ნაწილობრივ აგურით. აგურის წყობით გამოყვანილია აფსიდის ქვედა ნახევარი, სარკმლის ღიობები, კედლები შეწყვილებულ სარკმლებს შორის და ტაძრის დასავლეთ ნაწილში მდებარე თაღები. შენობა გარედან მთლიანად მოპირკეთებულია შირიმის სწორკუთხა ფილებით.
ტაძარი ამჟამად ძალზედა დაზიანებულია: ჩამოშლილია აფსიდის კონქი და ჩრდილოეთ მკლავის კამარა. გარედან ჩამონგრეულია აღმოსავლეთ მკლავის ზედა ნაწილი, აქა-იქ ლავგარდანი და კუთხეები. გუმბათიდან ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ერთი წირთხლი. მთლიანადაა დანგრეული კარიბჭეები.
ფოტო: memkvidreoba.gov.ge

