ახალი ამბები

კახეთში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან

„მოსავლის დაბინავება კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს“, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 14 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

ამასთანავე, საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 93 ათასამდე ტონა რქაწითელი, 86 ათასამდე ტონა საფერავი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

„რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 600-მდე ღვინის კომპანია/მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ერთვებიან; აქედან 370-მდე რთველში სხვადასხვა ეტაპზე იყო ჩართული.

წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს – 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს – 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად. კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.