დატბორილი სახლები, ქუჩები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა-რა მდგომარეობაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში
მეორე დღეა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან.
ძლიერმა წვიმამ, მუნიციპალიტეტში არსებული ხევების ადიდება გამოიწვია, რის გამოც წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და დატბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და დააზიანა მოსავალი და ინფრასტრუქტურა. დაიტბორა ხეხილისა და ბოსტნეულის ბაღებიც.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფლებში: ნინიგორი, კაბალი, ცოდნისკარი, გიორგეთი და აფენი. მოსახლეობა სასმელი წყლით, საკვებითა და თბილი ტანსაცმლით დახმარებას ითხოვს.
,,კაბალში და სოფელ განჯალაშია ყველაზე მძიმე მდგომარეობა, დატბორილია სახლები, წყალი გზებზე მოედინება მეორე დღეა. არ გვაქვს, ტანსაცმელი, საჭმელი და სასმელი წყალი. ჩვენ ჭებში გვაქვს წყალი და წყალდიდობის გამო დაბინძურებულია. სოფლებში მაღაზიებიც დაკეტილია და ვერც საჭმელს ვყიდულობთ. გზაზე იმხელა წყალი მოდის, რომ გადაადგილება შეუძლებელია”, -ამბობს ადგილობრივი ფერი ისმაილოვა.
ასევე სოფელ კაბალთან, ადიდებულმა მდინარემ კაბალისხევის ხიდი ჩაკეტა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მონაკვეთზე თიანეთი–ახმეტა–ყვარელი–ნინიგორის საავტომობილო გზის 123-ე კილომეტრზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მათივე ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, თუმცა ამ დრომდე მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-კაბალი-გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე. მიზეზი სოფელ ბაისუბნის ხიდის დაზიანებაა, რის გამოც ამ მიმართულებით საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.
რაც შეეხება სხვა სოფლებს, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, მათ შორის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
,,მეორე დღეა ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკაც. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ადიდებული მდინარებზე კალაპოტის შეცვლის შემდეგ, სოფლის შიდა და ცენტრალურ მაგისტრალზე წყლის დინება შეწყდა. თუმცა, უხვი ნალექის შედეგად ნინოს ხევი, შრომის ხევი, კაბალისა და არეშფერანის მდინარე გუშინ ადიდდა, რამაც ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. დაზიანებულია საოჯახო ავეჯი და ტექნიკა. ზარალს მოსახლეობასთან ერთად კომისიაც ითვლის, რის შემდეგაც გახდება ცნობილი მისი ზუსტი ოდენობა.”

