ახალი ამბები

საგარეჯოში მდებარე ტურისტული ობიექტი ,,My Georgian Village” ახალი სერვისების დამატებას გეგმავს

საგარეჯოში მდებარე ტურისტული ობიექტი My Georgian Village ახალი სერვისების დამატებას გეგმავს.

როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში My Georgian Village-ის მფლობელმა, გენადი ამაზარიანმა განაცხადა, განიხილება სპა-სერვისის დამატება, რათა ობიექტმა წლის ოთხივე სეზონზე შეძლოს ტურისტების აქტიურად მიღება.

My Georgian Village-ის მფლობელი ბრიტანეთში მცხოვრები გენადი ამაზარიანია, რომელმაც საკუთარ რეგიონში ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა და კახეთის ტურისტული პოტენციალის საზღვარგარეთ პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა.

„უკვე მესამე წელია ვსაქმიანობთ. კახეთში გვაქვს პატარა ბუტიკ-სასტუმრო, რომელიც აერთიანებს 5 ვილას. თითოეული ვილა მოიცავს ორ საძინებელ და ერთ მოსასვენებელ ოთახს. ტურისტულ ობიექტს ერთდროულად 30-მდე სტუმრის მიღება შეუძლია“, – აცხადებს გენადი ამაზარიანი.

ვიზიტორებისთვის ადგილზე ასევე ხელმისაწვდომია აუზი, გასტრონომიული სერვისები და სხვადასხვა სახის მასტერკლასები.

„ჩვენი ძირითადი ნიშა არის ოჯახების, მეგობრული ჯგუფების და კორპორატიული კლიენტების მასპინძლობა. ამ მიმართულებას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენ მხოლოდ სასტუმრო არ ვართ, გვაქვს სხვადასხვა სივრცეები: ტერასა, აუზი, გარე რესტორანი ეზოში, შიდა რესტორანი სარდაფში (ე.წ „ბიბლიოთეკა“), სპეციალური ადგილი მწვადისთვის, თონე და ა.შ. ვაწარმოებთ მხოლოდ პრემიუმ ღვინოებს, რომელსაც ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ. მეღვინეობას სერიოზულად ვუდგებით, და ის რაოდენობა, რასაც ვაწარმოებთ, ძირითადად ჩვენი სტუმრებისთვისაა გათვლილი“, – აცხადებს ამაზარიანი.

My Georgian Village-ის სტუმართა დიდი ნაწილი უცხოელები არიან. ისინი ძირითადად დასავლეთ ევროპიდან ჩამოდიან: ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და, განსაკუთრებით ბოლო დროს, ნიდერლანდებიდან, რაც გენადი ამაზარიანის თქმით, პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების შედეგია. ობიექტი ასევე მასპინძლობს ტურისტულ ჯგუფებს სინგაპურიდან. ადგილობრივი სეგმენტიდან განსაკუთრებული აქტივობა კორპორატიულ კლიენტებზე მოდის. სხვადასხვა მსხვილი კომპანიები ლოკაციაზე სხვადასხვა ივენთებს ატარებენ. My Georgian Village მომავალში გაფართოებასაც გეგმავს.

„გეგმაშია სპა-სერვისის დამატება, რათა ზამთარშიც აქტიურად მივიღოთ სტუმრები და ობიექტმა წლის ოთხივე სეზონზე იმუშაოს. თბილისთან სიახლოვე და ახალი გზის გახსნის შემდეგ ჩვენთან მოსვლა გაცილებით მარტივი გახდა. ხშირად, საგარეჯოში ჩასვლა უფრო მალე ხდება, ვიდრე თბილისში ერთი უბნიდან მეორეში გადასვლა“.