როდის გაიხსნება საგარეჯო-ბადიაურის 17-კილომეტრიანი მაგისტრალი
კახეთის ავტომაგისტრალის 17-კილომეტრიანი საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთი 2025 წელს უნდა გაიხსნას – ამას ითვალისწინებს კონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება.
გზის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გაფორმდა და ის მსოფლიო ბანკის მიერ 276.8 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოებს თურქული საინჟინრო კომპანია Gocay Insaat Taahhut ve Ticaret-ი ასრულებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით:
2023 წელს პროექტზე 76 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2024 წელს მასზე 110 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ გეგმა შეიცვალა და ფაქტობრივმა ათვისებამ 47 მილიონი ლარი შეადგინა, შესაბამისად, 2023-2024 წლებში ფაქტობრივი ათვისება 123 მილიონი ლარი იყო.
2025 წლის 5 თვეში კი ბიუჯეტის ათვისებამ 22.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ჯამურად 145 მილიონ ლარს შეადგენს. შესაბამისად, წლის დარჩენილ პერიოდში კიდევ დაახლოებით 130 მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს.
პროექტის ფარგლებში შენდება 4 ხიდი, 8 გზაგამტარი და 86 წყალგამტარი მილი. პროექტით, ასევე, გათვალისწინებულია საპროექტო მონაკვეთის მიმდებარედ არსებული ადგილობრივი საგზაო ქსელის გაუმჯობესება და მისი აღნიშნულ მონაკვეთთან დაკავშირება.

