ISFED თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიით არ დააკვირდება
ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა მორიგ არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა გააგრძელებს პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას. ამის შესახებ ორგანიზაცია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში არ არის დაცული ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის ძირითადი პირობები (უფლებების პატივისცემა, კანონმდებლობის სტაბილურობა, პროცედურული გარანტიები). ეს მნიშვნელოვნად ზღუდავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას.
„4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა მორიგი არჩევნები უნდა გაიმართოს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებისთვის ქვეყანაში არსებული გარემო და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად საჭირო პირობების არსებობა შეაფასა.
ანგარიშისთვის მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის, როგორც ამ გაერთიანებაში გაწევრების კანდიდატი ქვეყნისთვის, წამოყენებული მოთხოვნა, ჩაატაროს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები.
️„სამართლიანი არჩევნების“ მოსაზრებით, ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის ის სამი პირობა, რაც მოიცავს ძირითადი უფლებების პატივისცემას, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასა და პროცედურული გარანტიების არსებობას, დიდწილად არ არის დაცული, რითაც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.
აქედან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნები” მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება. თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

