ახალი ამბები

შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან, ბინები და მიწები – რა ქონებას ფლობს გურჯაანში “ოცნების” მერობის კანდიდატი?

„ქართულმა ოცნებამ“ გურჯაანში მერობის კანდიდატად მოქმედი მერი, გიორგი მაჭავარიანი წარადგინა.

Bm.ge-ს ინფორმაციით, 2024 წლის 25 დეკემბერს ჩაბარებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2023 წლის მონაცემებს ასახავს, ის რამდენიმე ბინას და მიწის ნაკვეთს ფლობს.

2022 წელს 10 000 დოლარად აქვს ნაყიდი 42 კვ.მ ბინა ქალაქ გურჯაანში. 2016 წელს 42 000 დოლარად იყიდა 153 673 კვ.მ მიწა სოფელ ვეჯინში. 2023 წელს 15 000 დოლარად იყიდა 64,9 კვ.მ ბინა ქალაქ გურჯაანში, სადაც ასევე 2022 წელს 118 კვ.მ ბინა შეიძინა 50 000 დოლარად. 2021 წელს ჩუქებით მიიღო 12 475 კვ.მ მიწა სოფელ ვეჯინში. ქალაქ გურჯაანში 578,7 კვ.მ მიწის ნაკვეთი აქვს შეძენილი 2015 წელს 45 000 დოლარად. 2013 წელს იყიდა 87,5 კვ.მ ბინა გურჯაანში 23 000 დოლარად. 2009 წელს აქვს ნაყიდი ბინა თბილისში, 27 000 დოლარად. 2009 წელს მემკვიდრეობით მიიღო 908 კვ.მ სახლი გურჯაანში.

დეკლარაციაში ასახულია ავტომობილი, მერსედეს ბენცი ML 350, რომელიც 2021 წელს 8500 დოლარად იყიდა.

მის საბანკო ანგარიშებზე იმ დროისთვის ჯამში 1800 ლარამდე თანხა ფიქსირდებოდა. ნაღდი ფულის სახით ის 160 000 ლარს ფლობდა, რომლის წყაროდაც სოფლის მეურნეობა აქვს დასახელებული.

მან 2023 წელს (20.10.2023-31.12.2023) მერის თანამდებობაზე 10 532 ლარი მიიღო. დეკლარაციაში გიორგი მაჭავარიანი ასევე უთითებს 2023 წელს, მერობამდე, შპს სოკარ ჯორჯია გაზში მენეჯერის პოზიციაზე მიღებულ 45 749 ლარს.

გიორგი მაჭავარიანის დეკლარაციის თანახმად, 2023 წელს 160 000 ლარი მიიღო სოფლის მეურნეობიდან შემოსავლის სახით, 15 000 დოლარი აქვს მითითებული სოფლის მეურნეობიდან დანაზოგის სახით, რაც თევზის მოშენებას უკავშირდება