ახალი ამბები

UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათ მონაცემებით, გადაწყვეტილება ნიუ-დელიში გამართულ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის 20-ე სესიაზე მიიღეს.

კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ იუნესკოს გადაწყვეტილება წარმოადგენს „ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ცოდნისა და შრომის აღიარებას“, ხაზს უსვამს ქართული ენდემური ხორბლის სახეობების მნიშვნელობას და აძლიერებს სულიერი და მატერიალური კულტურის ურთიერთკავშირს.

კულტურის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მიერ იუნესკო-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ნომინაციამ განხილვის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა.