ახალი ამბები

იანვრიდან მოქალაქე ვალდებული იქნება ნაკვეთის დასარეგისტრირებლად სააგენტოს თავად მიმართოს

2026 წლის პირველი იანვრიდან, ერთი წლის განმავლობაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მხოლოდ სპორადულ რეგისტრაციას განახორციელებს, რომლის ფარგლებში მას ექნება უფლებამოსილება უზრუნველყოს მუნიციპალიტეტებში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება და დაადგინოს მისი იდენტურობა.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი დგებუაძემ, პარლამენტში კანონპროექტების განხილვისას აღნიშნა, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, მოქალაქე ვალდებული იქნება ნაკვეთის დასარეგისტრირებლად სააგენტოს თავად მიმართოს.

„როგორ მოგეხსენებათ, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში რეგისტრაცია ორი მიმართულებით წარმოებს – ეს არის სპორადული წესით და სისტემური წესით. სპორადული წესით რეგისტრაცია მოქალაქეების მხრიდან წარდგენილი განცხადებების საფუძველზე მიმდინარეობს, სისტემური წესის ნაწილში კი რეგისტრაცია შესაბამის გეოგრაფიულ არეალში პროაქტიულად და სისტემურად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე წარიმართება. სისტემური რეგისტრაციის განმავლობაში, 2022-2025 წლების მონაცემებით, აიზომა 2 094 707 მიწის ნაკვეთი, რომელთა ჯამური ფართობი 1 101 570 ჰა-ს შეადგენს. 2025 წლის 1-ელი დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყნის საკადასტრო დაფარულობა 95%-ზე მეტია. 2022-2025 წლებში მიწის მესაკუთრე გახდა 1 469 581 მოქალაქე.

როგორც მოგეხსენებათ, სისტემური რეგისტრაცია 2025 წლის 31 დეკემბერს სრულდება. კანონის პროექტის მიზანია, იმ პირებს, რომლებიც სისტემური რეგისტრაციის პერიოდში არ იმყოფებოდნენ ქვეყანაში, ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოახდინეს უფლების რეალიზება, ჰქონდეთ შესაძლებლობა, მოითხოვონ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან სააგენტომ გააგრძელოს სპორადული რეგისტრაცია, რისთვისაც მოგმართავთ პარლამენტს თხოვნით, რომ განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. ცვლილებების მიხედვით, 2026 წლის პირველი იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში სააგენტო განახორციელებს მხოლოდ სპორადულ რეგისტრაციას, რომლის ფარგლებში მას ექნება უფლებამოსილება უზრუნველყოს მუნიციპალიტეტებში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება და დაადგინოს მისი იდენტურობა. იცვლება მხოლოდ მომართვიანობის ფორმა. თუ სისტემური რეგისტრაციის დროს კონკრეტული განცხადება არ იყო აუცილებელი, ამ შემთხვევაში კონკრეტული განცხადება იქნება აუცილებელი და კონკრეტულ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ინდივიდუალური განცხადებით მიმართოს სააგენტოს. სააგენტო ამის შემდეგ იმავე წესით გააგრძელებს რეგისტრაციას.

ასევე, ცვლილებების მიხედვით, მიზანშეწონილია, კანონს დაემატოს „სახელმწიფო ამზომველის“ ცნება, რომელიც იქნება სააგენტოში დასაქმებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს, აკრედიტაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებული ფიზიკური პირი, რომელიც აწარმოებს ტოპოგრაფიულ, გეოდეზიურ და საკადასტრო, მათ შორის შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს. ფუნქციონირებას გააგრძელებენ კერძო ამზომველებიც. თავად მოქალაქე გადაწყვეტს ისარგებლოს კერძო ამზომველის მომსახურებით თუ სახელმწიფო ამზომველის. კერძო ამზომველის მიერ განხორციელებული სამუშაო შესაძლოა გადაამოწმოს სახელმწიფო ამზომველმა თუ სააგენტო გადაწყვეტს“, – განაცხადა გიორგი დგებუაძემ.