„ბევრი ადამიანი დარჩა მიწის სისტემური რეგისტრაციის მიღმა” – სპეციალისტი
„ვიმედოვნებდი, რომ პროგრამა ერთი წლით კიდევ გახანგრძლივდებოდა“, – ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“კომპანია OK&CG დამფუძნებელი, ადვოკატი ოთარ კაჭკაჭიშვილი მიწის სისტემური, უფასო რეგისტრაციის პროგრამის დასრულების საკითხს.
შეგახსენებთ, პარლამენტში დაინიცირებული კანონპროექტის თანახმად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან მიწების რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით გაგრძელდება. იმ მოქალაქეებს კი, რომლებმაც ნაკვეთების საკუთრებაში გაფორმება სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სხვადასხვა მიზეზით ვერ შეძლეს (ვერ მოასწრეს), მიწების დარეგისტრირების ვადა 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ექნებათ.
დოკუმენტში დაზუსტებული არ არის, რა თანხის გადახდა მოუწევთ მოქალაქეებს მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებისთვის, თუმცა როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ღირებულება საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2026 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა განისაზღვროს. ამასთანავე, კანონპროექტში წერია, რომ საფასური არ უნდა აღემატებოდეს მოქმედ, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის უმაღლესი განაკვეთის ორმაგ ოდენობას. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის უმაღლესი განაკვეთი კი ამ დროისთვის 600 ლარს შეადგენს.
როგორც ოთარ კაჭკაჭიშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, საკმაოდ ბევრი ადამიანი სისტემური რეგისტრაციის მიღმა დარჩა.
„არ მაქვს ზუსტი სტატისტიკა, ყველა მუნიციპალიტეტს მისწვდა თუ არა აღნიშნული პროექტი. თუმცა, იმ მომართვიანობიდან და კითხვებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს კომპანიაში იყო, ვფიქრობ ძალიან ბევრ ადგილას ვერ მოხდა ამ პროექტის განხორციელება. ვერ მოხდა ხშირად ინფორმაციის არქონის გამო, ადამიანების პასიური თანამშრომლობის გამო. ბევრი ადამიანი ქვეყნის გარეთ იყო და ვერ შეძლო ამ პროექტში ჩართვა. სხვადასხვა მიზეზები იყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრი ადამიანი დარჩა სისტემური რეგისტრაციის მიღმა. თუმცა, მეორე საკითხი დგას, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ეს პროექტი და მუდმივად გაგრძელების რეჟიმში ვერ იარსებებს.
შემოთავაზებული სპორადული წესით რეგისტრაცია კიდევ აძლევს საშუალებას მოქალაქეებს, რომ თავიანთი კუთვნილი ქონებების რეგისტრაცია უზრუნველყონ საკუთარი ხარჯებით. ვიმედოვნებ, რომ მთავრობა სწორ საფასურს დააწესებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. იმედია, რომ ეს ძალიან ძვირი სერვისი არ იქნება. ამაზე მეტყველებს კანონპროექტში ჩანაწერი, რომ ის არ უნდა იყოს ორმაგ განაკვეთზე მეტი, რაც ერთგვარ ზედა ზღვარს ქმნის. თუმცა, ორმაგი ოდენობაც, ბევრი ადამიანისთვის შეიძლება იყოს მიუწვდომელი. ამ თანხის გადახდა მისთვის იყოს შეუძლებელი.
ბოლოს უფრო შესაძლებელი იქნება ალბათ შევაფასოთ, რამდენად ეფექტური იყო და შეძლეს თუ არა ადამიანებმა თავიანთი ქონებების რეგისტრაცია. თუმცა, ჩემი პირადი მოსაზრებით, ვიმედოვნებდი, რომ კიდევ ერთი წლით შეიძლებოდა გახანგრძლივებულიყო რეფორმა. ეს ჩვენს მოსახლეობას მისცემდა საშუალებას, კვლავ ესარგებლათ უფასო სერვისით“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამის მიმდინარეობისას – 2022-2025 წლების მონაცემებით, აიზომა 2 094 707 მიწის ნაკვეთი, რომელთა ჯამური ფართობი 1 101 570 ჰა-ს შეადგენს. 2025 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყნის საკადასტრო დაფარულობა 95%-ზე მეტია. ამასთან, 2022-2025 წლებში მიწის მესაკუთრე გახდა 1 469 581 მოქალაქე.

