ახალი ამბები

საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, თამარ კაპანაძემ პროკურატურის მოთხოვნა 21 წლის ელბურუს გუსეინოვის მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სრულად დააკმაყოფილა.

გუსეინოვის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 8 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლებას ითხოვდა.

თავად ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

ადვოკატ ნუგზარ გულბანის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ჩვენებაში წერს, რომ 26 წლის ქანან მამედოვი ბრალდებულს დანის დარტყმას თავად უპირებდა.

საქმის მასალების მიხედვით, ელბურუს გუსეინოვი ამტკიცებს, რომ ჭრილობები ხელის თითებზე სწორედ მაშინ მიიღო.

ადვოკატის ინფორმაციით, მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყავს. ამიტომ შესაბამისი ექპერტიზის დასკვნის შემდეგ, მუხლის გადაკვალიფიცირების მოთხოვნას არ გამორიცხავს.

შსს ინფორმაციით, მკვლელობა, სუფრასთან დაწყებულ კონფლიქტს მოჰყვა.

რის შემდეგაც, გუსეინოვმა მამედოვი მოტყუებით გაიყვანა სახლიდან და დანით სხეულზე სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

მოკლულის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს და შურისძიებით იმუქრება.

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაზლარში 12 აგვისტოს მოხდა.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინა სასამართლო სხდომა საქმეზე მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ჩაინიშნა.