თელავის უნივერსიტეტიდან პროფესორების დისკრიმინაციული ნიშნით გათავისუფლება აკადემიურ სფეროში დევნის სახიფათო პრეცედენტს ქმნის- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს სამართლებრივ შეფასებას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გათავიუფლებული პროფესორების საქმესთან დაკავშირებით.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2025 წლის ივლისში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამსახურიდან გაათავისუფლა 5 პროფესორი – მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალი წლის გამოცდილების მქონე პროფესიონალები.
,,მათი სამსახურიდან გათავისუფლება, სავარაუდოდ, დისკრიმინაციული მოტივებით მოხდა და უკავშირდება მათ კრიტიკულ შეხედულებებს როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მუშაობისა და საგანმანათლებლო პოლიტიკის, ასევე მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ. გათავისუფლებული პროფესორები აქტიურად არიან ჩართულები ფართო საზოგადოებრივ მოძრაობაში საქართველოში საგარეო პოლიტიკის შემობრუნებისა და დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად და აკადემიური თანამდებობიდან მათი მიზანმიმართული გათავისუფლებისა და დევნის მიზეზიც, სხვა საჯარო დაწესებულებებიდან უკანონოდ გათავისუფლებულ ასეულობით ადამიანთან ერთად, როგორც ჩანს ესაა.
საქართველოს საჯარო დაწესებულებებში 2024 წლის დეკემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება მასობრივი გათავისუფლებები ხელისუფლების კონტროლის გაძლიერებისა და იმ თანამშრომლების დასჯის მიზნით, რომლებმაც საჯარო პროტესტი გამოხატეს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით. სამსახურიდან თავისუფლდებიან ის ადამიანები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებებს და მონაწილეობას იღებდნენ საპროტესტო აქციებში. 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის აპრილამდე პერიოდში, საჯარო დაწესებულებებში მომუშავე 700-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა სამსახურიდან სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით.
თელავის უნივერსიტეტიდან პროფესორების გათავისუფლების გადაწყვეტილება მოჩვენებითი რეორგანიზაციასა და დისკრიმინაციულ მიდგომებს დაეფუძნა, რაც მას არაკანონიერს ხდის. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან არ იკვეთება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მყარი არგუმენტები, რომელიც გააქარწყლებდა პროფესორების დისკრიმინაციის შესახებ ვარაუდს და ობიექტური და გონივრული მიზეზებით დაასაბუთებდა მათი სამსახურიდან გათავისუფლების აუცილებლობას. ასეთი დასაბუთების არარსებობა მიუთითებს პროფესორების მიმართ ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, როგორიცაა, გამოხატვის თავისუფლება, შრომის უფლება და განსხვავებული შეხედულების გამო დისკრიმინაციის აკრძალვის უფლება.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორების გათავისუფლება არ წარმოადგენს მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევის იზოლირებულ შემთხვევას და ის სიმპტომია იმ მძიმე პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ავტოკრატიის აღზევების გზაზე გადის. ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია დამოუკიდებელი ინსტიტუტების, მათ შორის, აკადემიური სივრცეების ავტონომიისა და პლურალიზმის შეზღუდვა და საბოლოო გაუქმება. საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ აკადემიური სფეროს კონტროლი ავტოკრატიებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან უნივერსიტეტები წარმოადგენენ თავისუფალი აზრის და პოტენციური პოლიტიკური და საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გენერირების ადგილს. უნივერსიტეტების ავტონომიაში ჩარევის სტრატეგიები და ტაქტიკები კი საბოლოოდ აკადემიურ სივრცეში ქმნის ნეოპატრონალურ გარემოს, სადაც დასაქმება, დაწინაურება ან პოზიციის შენარჩუნება უკავშირდება ლოიალობას და არა კომპეტენციას, რაც საბოლოოდ განათლების დონისა და მეცნიერული მუშაობის მკვეთრი დეგრადაციის მიზეზი ხდება. საქართველოს პოლიტიკურ კონტექსტში, როცა ძალაუფლების კონსოლიდაცია არაფორმალური ვერტიკალით ხორციელდება, უმრავლეს შემთხვევაში სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები და ადმინისტრაციები რეალურად ექვემდებარებიან მმართველი პარტიის გავლენებს და, შედეგად, საუნივერსიტეტო სივრცეები კარგავენ დამოუკიდებლობას და მათ ისტორიულ დანიშნულებას იყვნენ კრიტიკული ცოდნის, აკადემიური სიახლეებისა და კრიტიკული მოქალაქეების ფორმირების ადგილი”,- აღნიშნულია განცხადებაში.
ნახეთ ვრცლად, აღიშნულ საკითხზე მომზადებული სამართლებრივი შეფასება:
ასევე ნახეთ რადიო კახეთის ხმის მომზადებული პოსკასტი:

