ახალი ამბები

“ქართული ოცნების” 84 დეპუტატის გარდა, პარლამენტში 655 სხვა დასაქმებულიცაა

საქართველოს პარლამენტში 84 დეპუტატი და 655 სხვა დასაქმებული პირი მუშაობს.

Bm.ge-ს ინფორმაციით, პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ცხრილის თანახმად, მის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი თანამდებობრივი სარგო პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს, რაც თვეში 14,600 ლარს შეადგენს. თავმჯდომარის მოადგილეს ხელფასია 13,432 ლარი, კომიტეტების თავმჯდომარეების ანაზღაურებებია 12,552 ლარი, კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების ხელფასებია 11,932 ლარი. რიგითი დეპუტატის ანაზღაურება კი 11,680 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება პარლამენტის ადმინისტრაციის ხელფასებს – პარლამენტის აპარატის უფროსის ანაზღაურება 10,220 ლარს შეადგენს, აპარატის უფროსის სამი მოადგილეს ყოველთვიური ხელფასი კი თვეში 9490 ლარია.

პარლამენტში 10 დეპარტამენტია, რომელთაგან თითოეულის უფროსის ანაზღაურება 8,760 ლარს შეადგენს, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების ხელფასები კი 6570 ლარია. ყველაზე მეტი 106 დასაქმებული პარლამენტის ლოგისტიკის დეპარტამენტშია. იურიდიული დეპარტამენტი მოიცავს 37 საშტატო ერთეულს. ადამიანური რესურსების დეპარტამენტში 14 თანამშრომელია, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში – 21, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტში – 19, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტში – 38, ხოლო საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტში – 20.

ამასთან, ყველა მოქმედ დეპუტატს მოთხოვნის შესაბამისად, შეუძლია ასისტენტი ჰყავდეს. პარლამენტის ადმინისტრაციის ვებგვერდის თანახმად, ასისტენტის მოვალეობას სულ 101 პირი ასრულებს ხოლო მათი ანაზღაურება კი 2336 ლარს შეადგენს.

ამასთან, პარლამენტის თოთხმეტივე კომიტეტს თავისი აპარატი ემსახურება, თითოეული კომიტეტის აპარატის უფროსის ანაზღაურება კი 5,140 ლარს შეადგენს. თითოეული კომიტეტის აპარატში სულ 8-16 დასაქმებულია.

მთლიანობაში პარლამენტის აპარატში 302 საჯარო მოხელე მუშაობს, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულია 180 პირი, შრომითი ხელშეკრულებით კი დასაქმებულია 169 პირი.

მთლიანობაში 2025 წელს პარლამენტის ბიუჯეტი 87 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც ხელფასებზე 43.5 მილიონი ლარი მოდის.