ახალი ამბები

სოფელ ბაკურციხის დღემდე უცნობი ეკლესია

კახეთში უამრავი ნასოფლარი ადგილია, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ეკლესიებისა და ციხე-კოშკების ფრაგმენტები.

ისტორიკოს თამაზ მარკოზაშვილის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა იმ ისტორიული ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა და შესწავლა, რომელიც უცნობია და მდებარეობს სოფლიდან მოშორებით ტყეში.

,,არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ ბაკურციხის სამხრეთ-დასავლეთით 2 კმ-ზე, შემაღლებულ ადგილზე ტყეში, ბაკურციხე-კარდენახის საზღვართან ახლოს. განეკუთვნება, გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,90 მ× 4, 30 მ). ნაშენია სხვადასხვა ზომის რიყის ქვის ლოდებითა და ნატეხი ქვით, კირის ხსნარზე. ალაგ-ალაგ ქვების წყობაში ჩართულია, დიდი ზომის ლოდები. წყობა ირეგულარულია.
ეკლესიას ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდან აქვს (შემორჩენილია სწორკუთხა კარის ორივე წირთხლები 0,60 მეტრ სიმაღლეზე). ეკლესიის აღმოსავლეთით, ნახევარწრიული ფორმის აფსიდია, რომელშიც დგას აღმოსავლეთ კედელზე მიშენებული, ქვითკირის ტრაპეზი (სიმაღლე 0,50 მეტრი). ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: მთლიანად ჩამონგრეულია ეკლესიის კამარა და კედლების ზედა ნაწილები (კედლები დგას 1,10-1,50 მეტრის სიმაღლეზე). იატაკი მიწატკეპნილია. დასავლეთ კედელში, შესასვლელის წინ, რიყის ქვით ნაწყობი კიბის ორი საფეხურია მოწყობილი. ინტერიერში შემორჩენილია, შელესილობის ფრაგმენტები. ეკლესიის კამარა, მთლიანად ჩამოშლილია. ეკლესიის გარშემო დიდი ხეებია ამოსული”.