არჩევნების ისტორია საქართველოში
საქართველოში არჩევნების ისტორია იწყება 1919 წლის თებერვლიდან, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ პირველად აირჩია საკანონმდებლო ორგანო – დამფუძნებელი კრება.
არჩევნები 1919 წლის 14 თებერვალს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდა. ძირითადი არჩევნები 13 მაზრასა და 17 ქალაქში ჩატარდა. არჩევნებში სულ 15 პარტია იყო რეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ დამფუძნებელი კრების არჩევნებში თავისი პოლიტიკური ნება ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტმა გამოხატა. 15 პარტიის საკანდიდატო სიაში სულ 600 კანდიდატი იყო წარდგენილი. მათგან ყველაზე მეტი, 130 კანდიდატით მონაწილეობდა არჩევნებში „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია“, ხოლო ყველზე ცოტა, ერთი კანდიდატი ჰყავდა წარდგენილი „შოთა რუსთაველის ჯგუფს“.
15 პარტიიდან სიაში ქალი კანდიდატები მხოლოდ 6 პოლიტიკურ სუბიექტს ჰყავდა წარდგენილი. მთლიანობაში არჩევნებში მონაწილეობდა 26 ქალი, მათგან დეპუტატი 5 გახდა. მათ შორის ერთი, ქრისტინე შარაშიძე პრეზიდიუმის მდივნადაც იქნა არჩეული.
უამინდობის, სამხედრო ვითარებისა და სხვადასხვა მიზეზის გამო, ზემო სვანეთში, ბორჩალოს მაზრაში, დუშეთის მაზრის რამდენიმე უბანზე, სოხუმის ოლქში, ახალქალაქსა და ახალციხეში არჩევნები ვერ გაიმართა, თუმცა, მცირე ხანში, აქ დამატებითი არჩევნები ჩატარდა.
საკანონმდებლო ორგანო ასე დაკომპლექტდა: N1 – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია – 102 მანდატი; N5 – საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია – 9 მანდატი; N2 – საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 8 მანდატი; N3 – საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია – 6 მანდატი; N4 – პარტია „დაშნაკცუთიუნ“ – 3 მანდატი; N8 – საქართველოს ეროვნული პარტია – 2 მანდატი.
საბოლოო ოქმში საარჩევნო კომისიამ, მიუხედავად გამოვლენილი მცირედი დარღვევებისა, არჩევნები დემოკრატიულად მიიჩნია და შედეგები დაამტკიცა.
დამფუძნებელი კრების არჩევნები გამორჩეული იყო საყოველთაობის მაღალი ხარისხით – საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა ხმის მიცემის უფლებას აძლევდა 20 წლის ასაკიდან ყველა მოქალაქეს, სქესისა და წარმომავლობის განურჩევლად; საქართველოს დამფუძნებელ კრებაში აირჩიეს 5 ქალი, მაშინ როდესაც იმდროინდელი მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობაში ქალებს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ; არჩევნებში ხმის მიცემისა და დეპუტატად არჩევის საშუალება მიეცათ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს. ამ არჩევნებით ქვეყანამ შეძლო და საფუძველი ჩაუყარა საარჩევნო კულტურას, რომლის განვითარებასა და გაძლიერებას დღესაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
აღსანიშნავია, რომ კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო საქართველოს კონსტიტუცია, რომელმაც მხოლოდ ოთხი დღე იმუშავა, რადგან 25 თებერვალს რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა.
1991 წლის 14 აპრილს საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი შემოიღეს. ამ დროისთვის, უზენაეს საბჭოს უკვე გამოცხადებული ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობა. არჩევნები კონკურენტული არ ყოფილა, კამპანიის უპირობო ლიდერი უზენაესი საბჭოს თავჯდომარე ზვიად გამსახურდია იყო.
1991-1992 წლების საელმწიფო გადატრიალების შემდეგ ძალაუფლება ხელში აიღო დროებით შექმნილმა სამხედრო საბჭომ. მას შემდეგ სამხედრო საბჭომ ძალაუფლება გადააბარა სახელმწიფო საბჭოს, მისი არსებობისთვის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, საჭირო იყო ხელისუფლების ლეგიტიმაცია. ამისთვის 1992 წლის შემოდგომაზე დაინიშნა საპარლამენტო არჩევნები. არჩევნებში იმ დროისთვის მოქმედი ყველა პოლიტიკური ძალა იღებდა მონაწილეობას, დევნილი პრეზიდენტის მომხრეების გარდა.
1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, იმავე წლის შემოდგომაზე, 5 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები.
ფოტო: ეროვნული არქივი
ნახეთ ასევე: