რასა იუკნევიჩიანე – ევროპისა და კრემლის მომხრე ერთდროულად ვერ იქნები
ევროპისა და კრემლის მომხრე ერთდროულად ვერ იქნები – ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის ომზე ამბობს, რასაც ის და სხვა ოფიციალური პირები ევროპარლამენტის შესახებ ამბობენ, კრემლის ნარატივია – ევროკავშირის ინსტიტუტებზე თავდასხმა და არადემოკრატიული ქცევა,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს.
ევროპარლამენტარის განმარტებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არის „უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რატომაც საქართველო ასეთ მძიმე მდგომარეობაშია“.
„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი, ან ვიტყოდი, რომ უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რატომაც საქართველო ასეთ მძიმე მდგომარეობაშია. ვგულისხმობ, საქართველოს სამომავლო გზას. ვხედავთ, რომ რასაც ის ამბობს, რა გადაწყვეტილებებსაც მისი მთავრობა იღებს, შეუთავსებელია ევროკავშირის მოთხოვნებთან და ღირებულებთან.
[ევროკავშირის] წევრობის შემდგომი ნაბიჯები ოფიციალურ თუ არაოფიციალურ დონეზე შეჩერებულია იმის გამო, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. ყველა მათი ქმედება აჩვენებს, რომ [ევროკავშირის წევრობისთვის] საჭირო ნაბიჯებს არ მიჰყვებიან. ევროპისა და კრემლის მომხრე ერთდროულად ვერ იქნები. ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის ომზე ამბობს; რასაც ის და სხვა ოფიციალური პირები ამბობენ ევროპარლამენტის შესახებ, კრემლის ნარატივია – ევროკავშირის ინსტიტუტებზე თავდასხმა და არადემოკრატიული ქცევა“, – აცხადებს რასა იუკნევიჩიანე.
ამასთან, როგორც ამავე ინტერვიუში იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის მიერ 9 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, „ხმების მოსყიდვა ევროპული ღირებულებები არ არის და ეს ევროპარლამენტში არ ხდება“.
„რაც შეეხება თანხის გადახდას და სხვა ბრალდებებს. ვშიშობ, ისინი [„ქართული ოცნება“] სხვებზეც ისე ფიქრობენ, როგორც თავად იქცევიან. თუ თვლიან, რომ შესაძლებელია აქ ხმების მოსყიდვა ისე, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, მაშინ ვეტყვი, რომ ეს არაა ევროპული ღირებულებები და ეს არ ხდება ევროკავშირის პარლამენტში. თითქმის 500-მა [პარლამენტარმა] მისცა ხმა [რეზოლუციას]. ეს დიდი რამაა, გზავნილია და შეუძლებელია, რომ ასეთი რამ იყიდო“,- აცხადებს ევროპარლამენტარი.