ჰელსინკის კომისია- საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების ვალდებულებას
აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ 17 ოქტომბერს საქართველოში მოახლოებული არჩევნების შესახებ განცხადება გაავრცელა. კომისიამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „პატივი სცეს ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე აღებულ ვალდებულებას და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს“.
განცხადებაში ნათქვამია: „ხელისუფლების ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და მისი ხალხის ღრმა ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“.
კომისია აცხადებს, რომ „ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ხალხმა აჩვენა თავისი ერთგულება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ. ქართველი ხალხი იმსახურებს ხელისუფლებას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ საკუთარი ლიდერები. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, დამოუკიდებელი დამკვირვებლების მონიტორინგით და პოლიტიკური ოპოზიციის დაშვებით, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა“.