ახალი ამბები

ვინ იყვნენ პირველი პარლამენტარი ქალები

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ქალთა უფლებები საკანონმდებლო დონეზე ასახა და არჩევნებზე ორივე სქესის წარმომადგენლებს თანაბარი უფლებები მისცა.

საქართველოს ეროვნული არქივის ინფორმაციით, 1921 წელს იქნა მიღებული საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომლის 39-ე მუხლში ჩაიწერა: „ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია როგორც პოლიტიკურ ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით“. 1919 წელს კი საქართველოს ტერიტორიაზე დამფუძნებელი კრების არჩევნები შედგა, რომელიც საყოველთაო, პარიტეტული პრინციპით ჩატარდა. სხვადასხვა პარტიის საარჩევნო სიაში 20-ზე მეტი ქალი იყო, მათგან ხუთი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი გახდა.

მაშინ დამფუძნებელთა კრებაში 5 ქალი იყო: ქრისტინე შარაშიძე, ანა სოლოღაშვილი, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე და მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე. ამ მასალით გაგაცნობთ 5 ქალს, რომელიც პირველი პარლამენტარები იყვნენ. მათ ქვეყნის განვითარებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი.

 

ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე (1885-1937)

1904 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობაში. 1917 წელს “გურიის ქალთა საზოგადოების” თავმჯდომარედ აირჩიეს, 1919 წლიდან კი დამფუძნებელი კრების შრომის კომისიის წევრი გახდა. ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის პირველად, 38 წლის ასაკში, ურალის მხარეში გადაასახლეს.

1925 წელს ელისაბედი საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ერთ წელიწადში კვლავ დააკავეს ‒ ჯერ ციმბირში, მინუსინსკის პოლიტ-იზოლატორში მოათავსეს, შემდეგ კი ურალსკისა და ალთაის მხარეში გადაასახლეს.

1937 წელს რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ის კრასნოიარსკის მხარეში კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის დახვრიტეს.

 

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე (1879-1967)

სწავლობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, 1901 წლიდან კი ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. შვეიცარიაში სწავლის დროიდან აქტიურად მონაწილეობდა სოციალისტური წრეების მუშაობაში.

დამფუძნებელი კრების წევრად არჩევის შემდეგ მონაწილეობდა შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების საქმიანობაში. 1921 წელს, საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის დროს, მუშაობდა წითელ ჯვარში, შემდეგ ორგანიზაციაში “არა” (ამერიკული დახმარების ორგანიზაცია ‒ American Relief Administration), ხელმძღვანელობდა ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას და აქტიურ ანტისაბჭოთა მოღვაწეობას ეწეოდა.

1924 წელს ერთი წლით მოსკოვში იძულებით გაასახლეს, 1936 წლიდან კი ყაზახეთში. თბილისში დაბრუნების უფლება მხოლოდ 12 წლის შემდეგ მისცეს. გადასახლებაში ყოფნისას აქტიურ სამედიცინო პრაქტიკას ეწეოდა და რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.

1937-38 წლებში დახვრიტეს მისი ქმარი და ორივე შვილი. გარდაიცვალა 1967 წელს.

 

ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე (1875 ‒ გარდაცვალების თარიღი უცნობია)

1902 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ, ორგანიზაციამ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფი (რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ელეონორა) რეალურად ხელში აიღო ქალაქ სოხუმის მმართველობა და ჩაანაცვლა მეფის ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა. ამის გამო 1908 წელს პირველად დააპატიმრეს. 1917 წლამდე კიდევ სამჯერ იყო დაპატიმრებული.

1918 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. 1921 წლიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩართული იყო არალეგალურ, ანტი-საბჭოთა მოძრაობაში. 1924 წლის აჯანყების შემდეგ აქტიურობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ორგანიზაციების აღდგენის პროცესში. 1925 წელს აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცეკას შემადგენლობაში.

საქართველოს სსრ-ს საგანგებო კომისიამ 1926 წელს დააპატიმრა და ამიერკავკასიის ფარგლებიდან გაასახლა. გადასახლებიდან დაბრუნდა 30-იან წლებში; ეწეოდა კერძო პედაგოგიურ საქმიანობას. გარდაცვალების თარიღი უცნობია.

 

ანა (ოლა) სოლოღაშვილი (1882-1937) 

21 წლის ასაკიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, მეფის რუსეთის დროს არაერთხელ დაუპატიმრებიათ.

1903 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიის წევრი.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტი-საბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში. 1925 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.

1937 წელს დააპატიმრა შინსახკომის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონულმა განყოფილებამ. 1937 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს სსრ-ს შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. ტროიკა), ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის და “შოვინისტური” განწყობების, ასევე “მენშევიკთა” ლიდერ რამიშვილთან კავშირის ბრალდებით, ოლა სოლოღაშვილს დახვრეტა მიუსაჯა.

 

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე (1887-1973)

სწავლობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, საიდანაც რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ გამოსვლების გამო 15 წლის ასაკში გარიცხეს. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და თსუ-ს დამფუძნებელი კომიტეტის წევრი.

1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად, იყო ამავე პრეზიდიუმის მდივანი და სამი კომისიის წევრი. 1922 წლის თებერვალში, საქართველოს ოკუპაციის წლისთავთან დაკავშირებით, მე-10 პედაგოგიური სასწავლებლის გაფიცვა მოაწყო, რისთვისაც დააპატიმრეს და რამდენიმე თვე მეტეხის ციხეში იხდიდა სასჯელს.

1931 წელს თსუ-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა. მოგვიანებით კი, ცნობილი მეცნიერი გახდა, ქართული ხელნაწერების უბადლო მცოდნე და სამხრეთ საქართველოსთან დაკავშირებული ფუნდამენტური ნაშრომის ავტორი.

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ მცირე ხანს, დაახლოებით სამი წელი იარსება. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო, რომელიც დაჩქარებული წესით, ბათუმში დაიბეჭდა.

საქართველოს პირველი კონსტიტუცია მხოლოდ 4 დღის განმავლობაში მოქმედებდა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია და ოკუპაცია მოახდინა.