ახალი ამბები

ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის ფორმა, შესაძლოა, შეიცვალოს

საგადასახადო ექსპერტები ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ქონების გადასახადი არსებობს, არათანაბარ პირობებში არიან საქართველოში უძრავი ქონების მფლობელი ფიზიკური პირები.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ იურიდიული კომპანია OK&CG დამფუძნებელმა ოთარ კაჭკაჭაშვილმა განუცხადა, მაგალითისთვის, ადამიანს შეიძლება საქართველოში ჰქონდეს ურიცხვი ქონება, თუმცა აქ არ მუშაობდეს და შესაბამისად, საქართველოში შემოსავლები არ უფიქსირდებოდეს. ამიტომ, ის არ იხდის ქონების გადასახადს ქვეყნის ბიუჯეტში.

„ამის პარალელურად, შეიძლება ვიღაც პირი ფლობდეს ძალიან მცირე ქონებას, თუმცა იმის ხარჯზე, რომ მთელი ოჯახი მუშაობს და მათი ჯამური შემოსავალი 40 ათას ლარს აღემატება, მას უწევს ქონების გადასახადის გადახდა. ამ ორი მაგალითიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ არათანაბარ პირობებში არიან საქართველოში უძრავი ქონების მფლობელი ფიზიკური პირები, რის გამოც აუცილებელია ქონების გადასახადის ამ ფორმის გადახედვა“, – აღნიშნა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.

რაც შეეხება ახალ მოდელს, რომლითაც ქვეყანაში ქონების გადასახადის არსებული ფორის შეცვლაზე მსჯელობენ, – ეს ე.წ ესტონური მოდელია. როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის რეფორმაზე მუშაობს, რომელიც სავარაუდოდ „ესტონური მოდელის“ მსგავსი იქნება. თავად, „ესტონური მოდელის“ მთავარი არსი ისაა, რომ ესტონეთის მთავრობა მხოლოდ მიწის ღირებულებას ბეგრავს ქონების გადასახადით და არა უშუალოდ ამ მიწაზე არსებული შენობების, ან სხვა აქტივების ღირებულებას.

საგადასახადო ექსპერტების ნაწილი რეფორმის ამ სახით განხორციელებას მისალმება, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მხოლოდ მიწის ღირებულების დაბეგვრა საკმარისი არ იქნება და საჭირო იქნება ქონების კომპონენტის დამატებაც, რადგან ერთი და იმავე უბანში, ცარიელი მიწა და მიწა, რომელზეც თანამედროვე ნაგებობებია განთავსებული, ერთნაირად არ უნდა იბეგრებოდეს.

გარდა ამისა, არის ექსპერტების გარკვეული ნაწილიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ევროპული გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, შესაძლებელია ქონების გადასახადის ამ ფორმით დატოვებაც, თუმცა მასში გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს.

„ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ევროპული პრაქტიკაც გავიზიაროთ და თან, არსებული ფორმაც დავტოვოთ, თუმცა გარკვეული სახეცვლილებით. მიმაჩნია, რომ მთავარი ხარვეზი არის 40 ათას ლარიანი ზღვარი, რომელიც დაწესებულია ბევრი წლის წინ და ამ ზღვარის გაზრდაა აუცილებელი, რადგან დღეს 40 ათასი ლარის მსყიდველუნარიანობა აღარ არის მაღალი. ამიტომ, ეს ზღვარი უნდა გაიზარდოს. ამასთან, აუცილებელია იმ ადამიანების დაბეგვრაც, რომლებსაც შემოსავლები საქართველოში არ უფიქსირდებათ, თუმცა აქ უამრავი ქონება აქვთ“, – განმარტა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს ქონების გადასახადის სახით იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა ჯამში, დაახლოებით, 698 მილიონი ლარი გადაიხადეს, საიდანაც უშუალოდ მოქალაქეების მიერ ქონებასა და მიწაზე გადახდილი გადასახადი 93 მილიონი ლარია.