ქოლაგირის მონასტერი კახეთში
ქოლაგირის მონასტერი, რომელიც მე-12 – მე-13 საუკუნით თარიღდება, კახეთის მხარის სიღნაღის მუნიციპალიტეტში მღვიმის მონასტრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იმავე ბერების სერად წოდებული ქედის ბოლოში, 6 კილომეტრის მანძილზე, ივრის ჭალის ნაპირას მდებარეობს. სახელწოდება-რა ერქვა მონასტერს თავიდან, უცნობია.
მეცნიერთა ნაწილის მოსაზრებით, იგი აზერბაიჯანული ენიდან უნდა მოდიოდეს, სადაც კოლ-ეკალს, ხოლო გირ – შესვლას ნიშნავს. თუ გავითვალისწინებთ მონასტრის დაბლა, ივრის ჭალების ეკალნარსა და ძნელად გასავლელი მცენარეული საფარის არსებობას, მაშინ, შესაძლოა, სახელწოდება ქოლაგირი, მონასტრის ძნელად მისადგომობის აღმნიშვნელიც იყოს.

ეკლესია საგულდაგულოდაა მოხატული. ტაძრის დარბაზს საუფლო დღესასწაულთა ციკლის სცენები ამკობდა. გამოსახული იყო ნათლისღება, უფლის იერუსალიმში შესვლა, ჯვარცმა, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, ამაღლება, ღვთისმშობლის მიძინება. კომპოზიციები ახლა ძალზე დაზიანებულია და მისგან მხოლოდ ფრაგმენტებიღა შემორჩა.
1998 წ. მეცნიერებს გამოსახულებებში 11 პიროვნების გამოსახულების გარჩევა მოუხერხებიათ. ჩრდილოეთი კედლის უკიდურეს აღმოსავლეთით გამოსახული უნდა ყოფილიყო საღირ პირველი კოლონკელიძე – ჰერეთის პირველი ერისთავი. მის შემდეგ გამოსახული ყოფილა მისი ვაჟი – ერისთავთ-ერისთავი და წარწერის მიხედვით, მეფე დემეტრე პირველის გაზრდილი ვარდან ერისთავთ-ერისთავი. დღეს მისი ფიგურა თითქმის აღარ იკითხება. მის გვერდით გამოსახულია სასულიერო პირი. მისი განმარტებითი წარწერის მიხედვით, იგი ვაზირთუხუცესი და მწიგნობართუხუცესია. მის შემდეგ ისევ სასულიერო პირის, და ვარდანის მეორე ძმის – ბასილი მონაზონის პორტრეტი მოსდევს. ბოლოს კი საერო პირია გამოსახული. იგი კვერთხითა და წელზე შერტყმული ხმლითაა წარმოდგენილი. მასსა და ბასილი მონაზონს შორის გამოსახული იყო ყრმა ლოცვის პოზაში. სამხრეთი კედლის შემორჩენილ ნაწილზე უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილზე სასულიერო პირი იყო გამოსახული. ის დღეს თითქმის აღარ იკითხება. მის შემდეგ მოცემულია კვლავ სასულიერო პირი, განმარტებითი წარწერის მიხედვით – ვარდან ერისთავთ-ერისთავის ძე. ბოლოს მოცემულია საერო პირის პორტრეტი, ასევე ხმალშემორტყმული, თუმცა უსკიპტროდ. განმარტებითი წარწერის მიხედვით ის ბეშქენი, ვარდან ერისთავთ-ერისთავის ძეა. ეკვდერის დასავლეთ კედელზე გამოსახული სამივე პიროვნება საერო პირია და სამივე კვერთხითა და წელზე შემორტყმული ხმლითაა წარმოდგენილი. განმარტებითი წარწერები, რომლებიც მათ ვინაობას გვამცნობდა, დღეს აღარ იკითხება, თუმცა მეცნიერთა მოსაზრებით, ისინიც კოლონკელიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები არიან.
მხატვრობა 1178-1185 წწ შორის პერიოდშია შესრულებული, ვიდრე კოლონკელიძეები ჰერეთის ერისთავობას დაკარგავდნენ.

წყარო: კულტურული მემკვიდრეობის პორტალი

