რას გულისხმობს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი
ევროკავშირის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი (VSM) იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ვიზალიბერალიზაციით სარგებლობენ, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას რამდენიმე ფაქტორის შემთხვევაში ითვალისწინებს.
კერძოდ, მექანიზმის თანახმად, შესაძლებელია, რომ ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი დროებით შეაჩეროს არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკების უეცარი და არსებითი ზრდის შემთხვევაში, ანუ მაშინ, როდესაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა (რომელიც სარგებლობს ვიზალიბერალიზაციით) აღარ აკმაყოფილებს შეთანხმების პირობებს.
რას გულისხმობს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი?
ევროკავშირის კანონმდებლობისა და რეგულაციების თანახმად: ამა თუ იმ ქვეყნისთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი შესაძლებელია წამოჭრას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანამ, ქვეყნების ჯგუფმა, ანდა თავად ევროკომისიამ.
• სავიზო ლიბერალიზაცია შესაძლებელია შეჩერდეს პირველ ჯერზე 9 თვით და შემდეგ, დამატებით – 18 თვით [ჯამში 27 თვე];
• 9-თვიან პერიოდში შესაძლებელია დაიშვას გარკვეული გამონაკლისები ადამიანების გარკვეული კატეგორიებისთვის; თუმცა 18-თვიანი პერიოდი „სრულ შეჩერებას“ გულისხმობს.
• შესაბამის აქტებს გამოსცემს ევროკომისია.
• ევროკავშირის საბჭოში საკითხი კვალიფიციური უმრავლესობით [55%] წყდება – საკმარისია 15 ქვეყნის თანხმობა 27 წევრიდან – ხმები უნდა მოიცავდეს ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს].
რა წერია შეჩერების მექანიზმის ანგარიშში?
ევროკომისიის რიგით მე-7 „უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ანგარიშში საქართველოს ქვეთავი ექვსი ნაწილისაგან და, ბოლოს, რეკომენდაციებისაგან შედგება.
პირველსავე ნაწილში ხაზგასმულია აცდენა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან და მითითებულია, რომ საქართველოს ახლა უვიზო რეჟიმი აქვს ისეთ 25 ქვეყანასთან, რომლებსაც ევროკავშირი ვიზების ქონას ავალდებულებს.
,,2024 წელს საქართველოს, ანგარიშის თანახმად, „არ მიუღწევია პროგრესისათვის სავიზო პოლიტიკის შესაბამისობის ზრდის მიმართულებით; პირიქით, 2024 წლის აპრილში ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით გაიზარდა განსხვავება ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან“, – წერია ანგარიშში.
რა არის შეჩერების საფუძველი?
დღეს მოქმედი წესებით, სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს:
• უკანონო მიგრაციის, ვადის დარღვევისა და შესვლაზე უარის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა [50%-ზე მეტი];
• თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა [50%-ზე მეტი] – დადებითი პასუხის დაბალი მაჩვენებლით [დაახლოებით 3-4%];
• რეადმისიის [უვიზო მიმოსვლის წესების დამრღვევთა დაბრუნება საქართველოში] შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შემცირება;
• ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების რისკების ზრდა, კერძოდ – სისხლის სამართლის დანაშაულის მაჩვენებლების მიხედვით.