ახალი ამბები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე ჯგუფურ თავდასხმას

15 იანვარს, ღამით, დაახლოებით 01:15 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე, წინა მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და მასთან მყოფი სხვა პირები თავს დაესხნენ ქარტიის საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს.

მათ ზვიად ქორიძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.

,,პარლამენტში ყოფნისას დიმიტრი სამხარაძემ საზოგადოებას თავი ძალადობრივი ქმედებებითა და ბილწსიტყვაობით დაამახსოვრა.ზვიად ქორიძე ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად იმყოფებოდა.

დიმიტრი სამხარაძემ ზვიად ქორიძეს უთხრა, რომ იცნო ის და უკმაყოფილება გამოხატა ზვიად ქორიძის ბათუმში ყოფნის მიზეზის მიმართ. ყოფილი დეპუტატი იგინებოდა და იქცეოდა აგრესიულად. ამის შემდეგ დიმიტრი სამხარაძესთან მყოფი ადამიანები ზვიად ქორიძეს ჯგუფურად დაესხნენ თავს. ერთ-ერთმა მათგანმა ჟურნალისტს საფეთქელთან მოარტყა რაღაც ნივთი, რის შედეგადაც სათვალე დაიმსხვრა და მან სახის არეში დაზიანებები მიიღო. თავდამსხმელთა შორის იყო გიორგი მანველიძე, რომელიც ზვიად ქორიძეს ცოტა ხნით ადრე გაეცნო. მან ზვიად ქორიძის მიმართულებით ისროლა მიწით სავსე კერამიკის ქოთანი, რომელიც ჟურნალისტს ასცდა და დაიმსხვრა. მოძალადეები, რომლებიც განაგრძობდნენ მუქარას ზვიად ქორიძის მისამართით, სასტუმროს დაცვამ შეაკავა.

ზვიად ქორიძემ დაზიანებების გამო კლინიკას მიმართა. 15 იანვარს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ინციდენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. ის წლების განმავლობაში აწარმოებდა კამპანიას დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის გასაღვივებლად და ახალისებდა სისასტიკესა და ძალადობას. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში კრიტიკული ხმების ჩასახშობად და მედიის გასანადგურებლად რეპრესიების მომდევნო ეტაპზე გადავიდა – მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად მხოლოდ ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში პროფესიულ საქმიანობაში 100-მდე ჟურნალისტს შეეშალა ხელი. ბევრმა მათგანმა მიიღო ფიზიკური დაზიანება, მათ შორის მძიმე. დღემდე არ არის გამოვლენილი და დასჯილი არცერთი დამნაშავე. ბოლო კვირაში ამ ყოველივეს დაემატა გამოცემების „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრება შეთითხნილი ბრალდებით და მის მიმართ მკაცრი სასჯელის – მრავალწლიანი საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების – მოთხოვნა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ შეწყვიტოს ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების დევნა და შევიწროება, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული, ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ქმედებები და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს ისინი”,- ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.