საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემა შეიცვალა
2025 წლიდან, “საჯარო სამსახურის შესახებ კანონში” ცვლილებები შევიდა.
იურისტ ნიკა სიმონიშვილის შეფასებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები მკვეთრად აუარესებს საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივ მდგომარეობას. მისი განცხადებით, ერთ-ერთი ასეთი ცვლილება საჯარო მოხელეთა შეფასებას შეეხება.
იურისტის თქმით, ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელის შეფასება მოხდება 6 თვეში ერთხელ, ნაცვლად წელიწადში ერთხელ შეფასებისა.
,,მოხელის შეფასების პროცესი იცვლება. შეფასება შესაძლებელია მოხდეს 6 თვეში ერთხელ ნაცვლად ერთი წლისა. ეს ნიშნავს იმას, რომ წელიწადში 2 ჯერ მოხდება მოხელის შეფასება და ორივეჯერ არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლდება. აქამდე, ეს პროცესი მოითხოვდა 2 წელს. გამოდის, რომ ვისზეც დგას საჯარო სამსახური, ერთი მხრივ, მარტივად ათავისუფლებენ სამსახურიდან, მეორე მხრივ, შესაძლებელია რომ მისი შეფასება იყოს დამოკიდებული გარკვეულ პოლიტიკურ ფაქტორებზე”.
მისივე თქმით, რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათანვისუფლებული საჯარო მოხელე, ფაქტობრივად, ახალ კონკურსში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას.
,,რაც შეეხება მობილობას სხვა საჯარო დაწესებულებაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჩანაწერი, რომლითაც მობილობა იყო შესაძლებელი რეორგანიზაციის შემთხვევაში, სიტყვა რეორგანიზაცია არის ამოღებული კანონიდან და მხოლოდ საჯარო დაწესებულებების შერწყმის შემთხვევაშია ეს შესაძლებელი ან ლიკვიდაციის შემთხვევაში. რეორგანიზაცია რაც 3 თვეს მოითხოვდა, შემცირებულია 2 თვემდე. ესეც იმ პაკეტის ნაწილია, რაც საბოლოო ჯამში აადვილებს რეორგანიზაციის და გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
მისივე განცხადებით, არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში, შესაძლებელია თანამდებობრივი სარგო 20% დაუკავონ.