ახალი ამბები

თუ დაკითხვაზე დაგიბარეს – იცოდე შენი უფლებები

თუ გამოკითხვაზე გიბარებენ:

თუ თქვენ გიბარებენ პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გამოკითხვაზე, მოწმის სტატუსით, ე.ი. დაწყებულია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება და გამომძიებელი ფიქრობს, რომ თქვენ ფლობთ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იყოს.

პირის გამოკითხვა/დაკითხვის წესს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არეგულირებს. გამოკითხვა არის მოწმის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაციის მიწოდება მხარისათვის, რომელიც შეიძლება იყოს გამომძიებელი, პროკურორი, ბრალდებული, ან მისი ადვოკატი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 113. გამოკითხვის წესი:
1. ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ. დაუშვებელია, გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.

მოწმეს უფლება აქვს:

  • იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული;
  • თუ არ იცის ქართული ენა, ან უჭირს ჟესტური ენის გარეშე კომუნიკაცია, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე;
  • წაიკითხოს საგამოძიებო მოქმედების ოქმი, მოითხოვოს მასში ცვლილებების შეტანა;
  • არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას, ან მის ახლო ნათესავს;
  • საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.

თუ აპირებთ გამომძიებელთან მიხვიდეთ გამოკითხვაზე პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, თქვენ გაქვთ უფლება, ადვოკატთან ერთად გამოცხადდეთ გამოკითხვაზე. თუ ადვოკატი არ დაუშვეს, ან არ მოგეცათ ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა, გამოკითხვის ფარგლებში, თქვენ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ პოლიციის შენობაში შესვლაზე.

გამოსაკითხი პირის დაყოვნების უფლება პოლიციას არ აქვს. იმ მომენტში, რა დროსაც თქვენ ამბობთ, რომ არ გსურთ გამოკითხვის გაგრძელება, შეგიძლიათ დაასრულოთ გამოკითხვის პროცესი. დეტალების დასაზუსტებლად გამოკითხვაზე შეიძლება დაგიბარონ განმეორებით.


გახსოვდეთ: გამოკითხვაზე მისვლა ნებაყოფლობითია!

დაიმახსოვრეთ: არასწორი ინფორმაციის შეგნებულად მიწოდება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას

გახსოვდეთ: თქვენი იძულება გამოკითხვაზე პოლიციას მიაწოდოთ ინფორმაცია, ან წარუდგინოთ მტკიცებულება არის დანაშაული.

თუ დაკითხვაზე გიბარებენ:

დაკითხვა არის მოწმის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ სასამართლოსთვის ინფორმაციის მიწოდება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის გამოსაკითხ პირს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

გახსოვდეთ: სასამართლოში დაკითხვაზე მისვლა სავალდებულოა! ჩვენების მიცემაზე უარის თქმა იწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

რისი უფლება გაქვთ დაკითხვაზე მისვლისას:

  • წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია ადვოკატთან და პოლიციის განყოფილებაში, ან მაგისტრატ მოსამართლესთან მიდით მხოლოდ ადვოკატის თანხლებით;
  • თქვენ შეიძლება დაიკითხოთ მხოლოდ იმ გარემოების შესახებ, რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმისათვის;
  • დაკითხვა/გამოკითხვა უნდა დაიწყოს გონივრულ ვადაში, თუ არ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, დაუშვებელია პირის ღამის საათებში დაკითხვა;
  • ხელმოწერამდე სრულყოფილად გაეცანით დაკითხვის ოქმს, იმ შემთხვევაში, თუ ხელმოსაწერი დოკუმენტის შინაარსს არ ეთანხმებით, არ მოაწეროთ ხელი;
  • თუ პოლიციელი/გამომძიებელი დაარღვევს თქვენს უფლებებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ: შსს გენერალურ ინსპექციას (ცხელი ხაზი: 126) სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს (ცხელი ხაზი: 199), საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს (ცხელი ხაზი: 1481).

თუ არსებობს დაკავების საფუძველი, გამომძიებელს უფლება აქვს, დაგაკავოთ.

კანონი აწესებს იმ პირების ჩამონათვალს, ვინც არ არის ვალდებული იყოს მოწმე, ასეთი პირები იყოფა ორ ძირითად კატეგორიად:

  1. პირები, რომელთაც საქმესთან კავშირის მქონე ინფორმაცია შეიტყვეს თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას;
  2. ბრალდებულის ახლო ნათესავი – მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).

წყარო: on.ge