ახალი ამბები

სეზონური ვირუსების, ან ეპიდაფეთქებების დროს მინისტრს უფლება მიენიჭა კლინიკებს საგამონაკლისო რეგულაციები დაუწესოს

სტაციონარულ კლინიკებს, შესაძლოა, ეპიდემიების, პანდემიების ან სეზონური ვირუსების პერიოდში საგამონაკლისო რეგულაციები დაუწესდეთ.

შესაბამისი ცვლილება მთავრობამ „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში შეიტანა.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სტაციონარული ნებართვის მქონე დაწესებულებებს, შესაძლოა, მინისტრის ბრძანებით, გათავისუფლდნენ განსაზღვრული მოთხოვნებისგან.

“ქვეყანაში სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული სიტუაციის (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება, სეზონური ვირუსების ან სხვა დაავადებათა მნიშვნელოვანი გავრცელებით სამედიცინო სერვისის მიწოდების პროცესში შესაძლო რისკები ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი სხვა მნიშვნელოვანი გარემოება, რაც გავლენას ახდენს სამედიცინო სერვისის მიწოდებაზე, მათ შორის, გეოგრაფიული მისაწვდომობის თვალსაზრისით) ეფექტიანად მართვისთვის საჭირო ღონისძიებების (მზაობა, პრევენცია, კონტროლი, რეაგირება) განხორციელებაში შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, სტაციონარული ნებართვის მქონე დაწესებულებებს (დაწესებულებების ნაწილს) შესაძლებელია, დროებითი ღონისძიების სახით, მინისტრის ბრძანებით დაუწესდეთ ამ დადგენილებით განსაზღვრულისგან განსხვავებული ან/და საგამონაკლისო რეგულაციები ან/და ისინი ნაწილობრივ ან სრულად გათავისუფლდნენ ამავე დადგენილებით შესაბამისი საქმიანობისათვის განსაზღვრული მოთხოვნებისაგან, ზემოაღნიშნული ბრძანებით დადგენილი წესით, პირობებითა და ვადის განმავლობაში”, – წერია დადგენილების ცვლილების ტექსტში.

დადგენილება „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ სტაციონარული დაწესებულებისთვის ლიცენზიების და ნებართვების მინიჭების პირობებს განსაზღვრავს.